„ძმები ბუნებით ჩემპიონები არიან“ - თოფურიების მწვრთნელის ინტერვიუ
ილია და ალექსანდრე თოფურიების მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა ესპანურ La Provincia-სთან ინტერვიუს დროს ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა და ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო, მათ შორის ოლივეირასთან ბრძოლას, წონის კლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ისლამ მახაჩევთან ჩხუბს, კრივში შესაძლო ბრძოლასა და ა.შ.
ხავი კლიმენტის ინტერვიუ:
ჟურნალისტი - კრივში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, ხავი კასტილეხომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ილია თოფურიას საკმაოდ ძლიერი მუშტები აქვს, მაგრამ კრივში კარგი მოკრივის წინააღმდეგ შანსი პრაქტიკულად არ ექნებოდა. ეთანხმებით ამ შეფასებას?
ხავი კლიმენტი - აბსოლუტურად, არა. ილიას მარტივად შეუძლია გახდეს პროფესიონალი მოკრივე და მათ შორის ერთ-ერთი უდიდესიც. ცხადია, ზოგიერთი რამ უნდა შევცვალოთ და სხვა თვისებებზე ვიმუშაოთ, რადგან კრივის ტემპი MMA-სგან განსხვავდება. მაგრამ ილიას ტემპი აქვს, რადგან ბევრჯერ მინახავს, როგორ ვარჯიშობს ჩემთან, ასევე პროფესიონალ მოკრივეებთან და მას ნამდვილად არაფერი აქვს მსოფლიოსთვის დასამტკიცებელი. ამჟამად მისი სპორტი MMA არის, მაგრამ თუ მოინდომებს, შეუძლია პროფესიონალი მოკრივეც გახდეს. იმის მიუხედავად, რომ ახლა UFC-ის საუკეთესო მოკრივეა, მას შესანიშნავი საბაზისო კრივი აქვს. ამაზე ბავშვობიდან მუშაობს და ამის ყურება საოცარია. თავის ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად ის ჯიუ-ჯიცუს შავ ქამარს ფლობს და საქართველოში პირველი მებრძოლია, რომელმაც შავი ქამრის მოპოვება შეძლო.
ჟურნალისტი - ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში დებიუტი ავსტრალიაში გამარჯვებით აღნიშნა. მის შემთხვევაში, ილიას გუნდთან ერთად მუშაობამ მაინც მოახდინა გავლენა მის კარიერაზე?
კლიმენტი - ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში განზე იდგა, რადგან გადაწყვიტა, რომ ძმას დახმარებოდა და ამას თავი ძალიან კარგად გაართვა. ახლა კი უფრო მეტად კარიერაზეა კონცენტრირებული და პარალელურად, ილიასაც ეხმარება, რადგან ის გუნდის მთავარი მწვრთნელია. ყველა საწვრთნელ ბანაკს ესწრება, მაგრამ მაინც ვარჯიშობს. UFC-ის მებრძოლია და მეორე ჩხუბი მალე ექნება. ვცდილობთ, ერთი ბრძოლა მეორეს არ დაემთხვეს, ან ახლოს არ იყოს, რათა სრულფასოვანი ვარჯიშის დრო ორივეს ჰქონდეს. მოუთმენლად ველი UFC-ის ოქტაგონში მის მეორედ ხილვას. ავსტრალიაში მისი ბრძოლის საყურებლად ჩავედი და რაც ვნახე, წარმოუდგენელი იყო - სუპერ ტექნიკური... მისი ბრძოლის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ჟურნალისტი - მიიჩნევ თუ არა UFC-ის მომავალ ჩემპიონად?
კლიმენტი - რა თქმა უნდა, მას ჩემპიონად აღვიქვამ. ამ ორ ადამიანთან მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან გრძნობ, რომ გამორჩეული აურა აქვთ - ჩემპიონის აურა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რაღაცას ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო. მაგრამ ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ხალხი მიყვებოდა, როგორი იყო მესის წინააღმდეგ თამაში, მე კი ეს მათ წინააღმდეგ სპარინგში გავიგე. ისინი ჩემპიონები არიან, იციან და ამას მსოფლიოს აჩვენებენ. ილიამ ეს უკვე გააკეთა და მალე, ალექსიც იგივეს შემოგვთავაზებს.
ჟურნალისტი - როგორია ილია თოფურიას ფენომენი შიდა წრეში?
კლიმენტი - ჩვენ ზუსტად იგივე ბავშვები ვართ, როგორებიც ადრეულ ასაკში, კლუბში ვარჯიშის დროს ვიყავით, ახალგაზრდები და უბრალოები. ჩვენ ისევ იგივე ენთუზიაზმი გვაქვს, სწორედ ამიტომ ვვარჯიშობთ ყოველდღე, რათა გავუმჯობესდეთ და ეს შედეგებიც სწორედ ამის დამსახურებაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის განცდა შემიძლია, ეს წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ გაკვირვებული ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში მივდივართ... ისეთებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, ავსტრალია, ინგლისი ან სხვ. ხალხი გაჩერებს, გცნობს და აღფრთოვანებულია იმით, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებდით.
ჟურნალისტი - ფიქრობთ, რომ ილია თოფურიას რეალური მიღწევები MMA-ში გადაჭარბებულია? ბრძოლების ასე სწრაფად და ასეთი ავტორიტეტით მოგება მასზე უფრო მარტივ შთაბეჭდილებას ქმნის, ვიდრე სინამდვილეშია?
კლიმენტი - ხალხი სულ უფრო მეტად აცნობიერებს ამას, თუმცა ზოგიერთი ჯერ კიდევ ვერ ხვდება. ჩვენი დოკუმენტური ფილმის, „თოფურია: მატადორი“-ს წყალობით, ხალხმა ცოტა მეტი ნახა მთელი იმ შრომისა და ძალისხმევის შესახებ, რაც ამას სჭირდება, რაც მხოლოდ ბრძოლა არ არის, არამედ ვარჯიში, დიეტა, სპარინგი, ოჯახის მხარდაჭერა და ზოგჯერ მათგან მოშორებით ყოფნა, რადგან უამრავი საათის დათმობა გვიწევს. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება ამას და ამიტომაც იზრდება გულშემატკივრების რაოდენობა ამ ქვეყანაში. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ნამდვილი სპორტსმენები ვართ და ვფიქრობ, ასეც ხდება.
ჟურნალისტი - დაახლოებით, როდის დადასტურდება თოფურიას შემდეგი მეტოქის ვინაობა?
კლიმენტი - წარმოდგენა არ მაქვს. რამდენიმე სახელზე საუბრობენ, მაგრამ მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენი მიზანი წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვაა. ახლა მოკლე შესვენება ავიღეთ, მაგრამ მალე დავბრუნდებით, რადგან ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც ძალიან გვიყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.
ჟურნალისტი - ყველა ბანაკი ერთნაირია, თუ ის მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული?
კლიმენტი - ბანაკები ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ მოწინააღმდეგის, არამედ სპორტსმენის მდგომარეობის გამოც. ჩვენ მებრძოლების გრძნობებს და სხეულის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ცხადია, გარკვეულ მითითებებს ვიცავთ, ვაკვირდებით მოწინააღმდეგეს, ვსწავლობთ მას, ვხედავთ მათ ყველა სუსტ და ძლიერ მხარეებს, ვმუშაობთ ამაზე და ყველა სავარჯიშო სესიას მასთან ადაპტირებას ვუკეთებთ. ამის გარდა, ვაკონტროლებთ კვებას, ძალების აღდგენას, სწორედ ამიტომ ვართ დიდი გუნდი, რომელშიც შედიან ფიზიოთერაპევტები, ექიმები, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ნუტრიციოლოგი. ასევე, ვთანამშრომლობთ მარკეტინგის გუნდთან, რადგან მათ ბევრი რამის გაკეთება უწევთ და ჩვენი სავარჯიშო სესიებიც ამ ყველაფერს უნდა მოვარგოთ. ეს სულ უფრო და უფრო რთული ხდება, მაგრამ ამის გასაკეთებლად დიდი რესურსი გვაქვს.
ჟურნალისტი - რამდენად უმარტივდება ილიას მომატებული წონის დაკლება?
კლიმენტი - რაც მსუბუქ წონაში გადავიდა, რა თქმა უნდა, მისთვის საქმე ბევრად უფრო გამარტივდა. ბოლო ბანაკში, მას წონის დიდი რაოდენობით დაკლება არ მოუწია და ეს აშკარად აისახა მის მდგომარეობაზეც. ეს მისთვის შვებაა და ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობა შეუძლია. ბრძოლამდე ორი კვირით ადრე უფრო მეტი ხორცის ჭამაც შეეძლო და დიეტასაც არღვევდა. ბოლო კვირა ყველაზე რთულია, რადგან დაკლებისთვის ორგანიზმის გაუწყლოება გიწევს, მაგრამ მის სხეულს დიდად არ გასჭირვებია.
ჟურნალისტი - როდესაც წონას იცვლით, მოწინააღმდეგეებიც უფრო დიდები, ძლიერები და მაღლები არიან. რთულია ამ დროს მებრძოლის მომზადება?
კლიმენტი - ჩარლზ ოლივეირასთან ბოლო ბრძოლაში ცხადი იყო, რომ სიმაღლე ილიასთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ის ძალიან ძლიერია, წარმოუდგენელი დარტყმა აქვს და ვფიქრობ, რომ მსუბუქ წონაშიც ყველაზე ძლიერია. მას მომაკვდინებელი ძალა აქვს და ძლიერი გამძლეობა. ბევრს შრომობს სიზუსტეზე, თუმცა ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. ის ბევრ დროს ხარჯავს იმის გასაგებად, თუ რომელი ხელი გამოიყენოს და როდის გამოიყენოს, შემდეგ კი ამას ბევრჯერ იმეორებს. საქმე მხოლოდ ტექნიკაში არ არის, არამედ გამძლეობაშიც, რათა ეს მთელი ბრძოლის განმავლობაში გააკეთოს. ვფიქრობ, მისმა მხრებისა და თავის მოძრაობამ, გადახრებმა ოლივეირას ყველა გეგმა მოკლა და ჩხუბი სხვა აზროვნებით დაიწყო.
ჟურნალისტი - დარწმუნებულია თუ არა ილია თოფურია, რომ მომავალში ის გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც სამი წონის ქამარს მოიპოვებს?
კლიმენტი - მას მისი მემკვიდრეობის გაზრდა სურს. მახაჩევთან ბრძოლა აშკარად შეიძლება იყოს ის, რაც მას ყველაზე მეტ მემკვიდრეობას მოუტანს. იმედია, ეს მოხდება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. სასწორზე მესამე ტიტულიც რომ იდგეს, ეს ისეთი რამაა, რისთვისაც აქამდე არავის მიუღწევია და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ MMA-ში 17 ბრძოლა გამართა და ყველა მათგანი მოიგო. რამდენიმე კვირის წინ, ქართველი მებრძოლი მსუბუქ წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.