რუსეთში თამაშზე კატეგორიული უარი თქვა | შესაძლოა, გულიაშვილმა თურქეთში ითამაშოს
CrystalSport-ის ცნობით, „სარაევოს'' ქართველ ფეხბურთელს, გიორგი გულიაშვილს რუსეთიდან ფინანსურად მიმზიდველი წინადადებები ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა რუსეთში თამაშზე კატეგორიული უარი თქვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია. ფეხბურთელის მენეჯერი ირაკლი ლილუაშვილი მოლაპარაკებას ევროპულ კლუბებთან აწარმოებს, მათ შორის რამდენიმე თურქეთის სუპერ ლიგის გუნდია.
2024-25 წლების სეზონში გიორგი გულიაშვილმა „სარაევოში’’ ბრწყინვალედ ითამაშა, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და რომ არა ტრავმა, დიდი ალბათობით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა.
23 წლის გარემარბს სეზონის მიმდინარეობისას ფრანგულ, იტალიურ, თურქულ, ბერძნულ და კიდევ სხვა ევროპული ჩემპიონატების კლუბებს უკავშირებდნენ. მათ შორის რუსული კლუბებიც ფიგურირებდნენ, მაგრამ რადგან ფეხბურთელმა ეს წინადადებები დაბლოკა, მათი მხრიდან აქტიურობა აღარ ყოფილა.
გულიაშვილმა 2024-25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. სეზონის მეორე ნახევარში გუნდის კაპიტანი გახდა, „სარაევოსთან“ ერთად ბოსნიის თასი მოიგო, ეს მისი პირველი ტიტულია ლეგიონერის სტატუსით. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საუკეთესო ბომბარდირ მიჰაელ მლინარიჩს 3 გოლით ჩამორჩა, თუმცა რომ არა ტრავმა, დიდი ალბათობით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებდა, რადგან მართლა მაგარ ფორმაში იყო, ყოველ მატჩში რამდენიმე რეალურ საგოლე მომენტს თავად ქმნიდა, ძალიან ხშირად გოლებს იტანდა და მცველებს მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ.