„როტაცია იქნება“ - ითამაშებს თუ არა მიქაუტაძე ესპანეთის თასზე
დღეს, ესპანეთის თასის 1/32 ფინალში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად „სიუდად დე ლუსენას“ დაუპირისპირდება, რომელიც დღეისთვის ესპანეთის მე-5 ლიგის მე-4 ჯგუფში ასპარეზობს.
დიდი ალბათობით, „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი, მარსელინო გარსია ტორალი, გუნდის ლიდერებს დაასვენებს. ეს ესპანელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც დაადასტურა, თუმცა გუნდის მეკარის, ლუიზ ჟუნიორის გამოკლებით, არ დაუკონკრეტებია, თუ ვის მიეცემა დასვენების შესაძლებლობა.
რა თქვა მარსელინომ მედიასთან:
„ვიცით, რომ კოპა დელ რეის ამ ფორმატმა შესაძლოა, რაღაც სირთულეები შეგვიქმნას და ერთი შეცდომის შედეგად გათამაშებას დავემშვიდობოთ. ამიტომ, ამ თამაშს სრული პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ. მოწინააღმდეგის პატივისცემა საკუთარი თავის პატივისცემასაც ნიშნავს. ამ სეზონში მათ ყველა საშინაო მატჩი მოიგეს, ჩვენთან თამაშს კი წლის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებად მიიჩნევენ. გამარჯვება მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაა.“
„გარკვეული როტაციები იქნება, მაგრამ შემადგენლობა ძირითადად პირველი გუნდის მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული. ჩვენ დიდი გუნდი გვყავს და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იგრძნოს თავი გუნდის ნაწილად. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ როტაცია მეკარის პოზიციაზე იქნება. ლუიზი არ ითამაშებს, მაგრამ მის გარდა, ჯერჯერობით, არ გადამიწყვეტია, თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში. ჩვენი მიზანია, რომ თამაშისთვის ყველა მზად იყოს.“
„ბევრი ტრანსფერი განვახორციელეთ და თამაში ყოველ სამ დღეში გვიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარჯიშისთვის ცოტა დრო გვრჩება. ეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის და უცხოელებისთვის, ადაპტაციის პერიოდს ახანგრძლივებს, მაგრამ ესეც დროის ამბავია და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ნამდვილად კარგი გუნდი გვყავს, სადაც შესანიშნავი განწყობა და პროგრესის შესაძლებლობაა. ერთმანეთთან ყოველდღიური მუშაობა სასიამოვნოა და ეს თავდაჯერებას გვმატებს.“
ლა ლიგის გასულ ტურში „ვილიარეალი“ სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მარსელინომ 79-ე წუთზე შეცვალა. ესპანურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ქართველი შემტევი დღეს სათადარიგოთა სკამზე იქნება. მიქაუტაძემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა თავდამსხმელმა თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა, სადაც 3 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.
კოპა დელ რეიზე, „სიუდად დე ლუსენასა“ და „ვილიარეალის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.