„ასე მხოლოდ ბითლზებს ხვდებოდნენ“ - ვიერიმ რონალდოზე ისაუბრა
ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო იმ იშვიათ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც „ბარსელონაში“, „ინტერში“, „რეალსა“ და „მილანში“ უთამაშიათ. „კიჭას“ თავდასხმაში ოთხივე ამ გრანდში ბევრი მაღალი კლასის პარტნიორი ჰყავდა და თითოეულ მათგანს მასთან დუეტში ასპარეზობა ახლაც ტკბილად ახსენდება.
ბუნებრივია, მათ შორისაა ნერიაძურის ლეგენდარული ფორვარდი კრისტიან ვიერი, რომელმაც ერთ-ერთი ტელევიზიაში სტუმრობისას, ბრაზილიელ თავდამსხმელზე დეტალურად ისაუბრა.
კრისტიან ვიერი
როდესაც „ინტერს“ შევუერთდი, ზუსტად მახსოვს რონალდოს გასახდელში შემოსვლისთანავე ვუთხარი: „მე აქ შენს გვერდით სათამაშოდ მოვედი“. სამწუხაროდ, ერთად ასპარეზობა იშვიათად მოგვიწია და ამაში დამნაშავე წყეული ტრავმები იყო.
ჩემი ტრანსფერიდან ძალიან მალე მუხლი დაიზიანა და მკურნალობა თითქმის ორი წელი მოუწია. მუხლქვეშა მყესების გაწყვეტასთან გვქონდა საქმე, რაც საკმაოდ სერიოზული დაზიანება გახლდათ. როდესაც ოპერაციის შემდგომ სახლში გაწერეს, მის მოსანახულებლად მისულს მითხრა: „ბობო ამჯერად სერიოზულად ვიტკინე ფეხი“. ტირილი ძლივს შევიკავე, რადგან არ ვიცოდით ზუსტად ისევ შეძლებდა თუ არა თამაშს.
მოხდა სასწაული და სამი თუ ოთხი თვის შემდეგ სირბილი დაიწყო, მაგრამ ხანდახან მუხლიდან რაღაც ლითონის ნაჭერი უვარდებოდა - შოკში ვიყავი ამ ყველაფერს რომ ვხედავდი და უფრო იმით ვიყავი აღტაცებული, რომ ასეთი ტრავმით ის მომავლის რწმენას არ კარგავდა. წელიწადნახევარზე მეტი მოგვიწია ლოდინი საიმისოდ, რომ რონალდო მოედანზე ისევ გვეხილა და მის არყოფნაში უზომოდ გაგვიჭირდა.
დაბრუნების შემდეგ მალევე „ბრეშასთან“ საგოლე პასი მივაწოდე, 3:1 მოვიგეთ და დუბლი შევასრულე. ამას მოჰყვა „პიაჩენცასთან“ 3:2 გამარჯვება, სადაც ასევე ორი ბურთი გავიტანე, აქედან ერთი პენალტით. სხვათა შორის, როდესაც 11-მეტრიანის დარტყმაზე მიდგა საქმე, ბურთი რონალდოს გადავეცი, მაგრამ მან მითხრა: „არა ბობო, ეს სეზონი შენია, უნდა გაიტანო და საუკეთესო ბომბარდირი გახდე“. ამის შემდეგ მის მიმართ პატივისცემა კიდევ უფრო მომემატა.
მოკლედ რომ გითხრათ, მე და რონალდო საუკეთესო მეგობრები ვიყავით - ერთად დავდიოდით მილანის რესტორნებში და ჩვენი შესვლის დროს ხალხი ფეხზე დგებოდა და აპლოდისმენტებით გვესალმებოდა. მაშინ რონის გადავულაპარაკე: „ეს რა ხდება ჩვენს თავს, ნუთუ ასე ვუყვარვართ ყველას? ფეხბურთელები ვართ, თუ The Beatles-ის წევრები?“ ნამდვილი სიგიჟე იყო.
კრისტიან ვიერი „ინტერის“ შემადგენლობაში 1999-2005 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე გამართულ 190 შეხვედრაში თავი 123 გოლით გამოიჩინა. მან ნერიაძურისთან ერთად მხოლოდ ერთი ტიტული, კოპა იტალია მოიგო.