სფფ-მ “მონაცემთა ანალიზის ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა
Aa
Aa

სფფ-მ “მონაცემთა ანალიზის ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა

8 ივლისს, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი პროექტი – „მონაცემთა ანალიზის ანგარიში“ წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა“ და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის“ კლუბების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრას ფედერაციის მხრიდან ესწრებოდნენ დავით მუჯირი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, კახა ჭუმბურიძე – პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ზაზა ზამთარაძე – ვიცე-პრეზიდენტი. დავით მუჯირმა შეხვედრის პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა ფედერაციის მზადყოფნა კლუბებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ქართულ კლუბებს წარმატება უსურვა მოახლოებულ ევროტურნირების მატჩებში.

„მონაცემთა ანალიზის ანგარიში“ UEFA-ს მიერ გამოცემული The European Finance and Investment Landscape დოკუმენტის მსგავსად, წარმოადგენს ქართული საკლუბო ფეხბურთის დეტალურ მიმოხილვას. ანგარიში ეფუძნება 2023 წლის სეზონის მონაცემებს და მოიცავს სატურნირო, ფინანსურ და სტრუქტურულ ანალიზს.

დოკუმენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა და პროექტის ხელმძღვანელმა ბაქარ ჟორდანიამ, კლუბებს დოკუმენტის სტრუქტურა, მიზნები და გამოყენების შესაძლო გზები დეტალურად განუმარტა.

ანგარიში არა მხოლოდ საკლუბო ფეხბურთის სტატისტიკურ და ტენდენციურ ანალიზს მოიცავს, არამედ მიმოიხილავს იმ მნიშვნელოვან მიმართულებებსა და პროექტებს, რომლებიც ფედერაციის პრიორიტეტებს წარმოადგენს. მათ შორისაა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების პროგრამები, სამსაჯო სისტემის რეფორმა, ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერა და სხვა ინიციატივები, რაც ძლიერი საფეხბურთო ეკოსისტემის საფუძველს ქმნის.

მიმდინარე გამოცემაში საუბარია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ მონაწილეობაზე უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად გვაჩვენებს ანალიზს იმისა, თუ როგორია საკლუბო და სანაკრებო სისტემების ურთიერთკავშირი.

აღნიშნული დოკუმენტი არის საპილოტე პროექტი, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება და მომავალი წლიდან საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და საკლუბო განვითარების სტრატეგიულ დაგეგმარებას.

მსგავსი სიახლეები