დილას დირექტორი: „დრამეს სანაცვლოდ 2 მილიონ ლარს გვთავაზობდნენ“
საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბებიდან რომელიმე გუნდი სტაბილურობით თუ გამოირჩევა, ეს უპირველეს ყოვლისა „დილაზე“ ითქმის. მართალია გორელებს უკვე ათი წელია ქვეყნის ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებიათ, მაგრამ მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან და იშვიათად ხდება, რომ პირველობა სამეულს მიღმა დაასრულონ, რაც მათ ევროტურნირებზე რეგულარულად ასპარეზობის საშუალებას აძლევთ.
გორის გუნდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს სუპერ თასი მოიგო, ამჯერადაც ევროტურნირისთვის ემზადება და უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე ლუქსემბურგის „რასინგი“ იქნება. ამ მატჩისთვის მზადების გარდა, „დილას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.
გიორგი ჯოხაძე
ვინ იგულისხმა გია გეგუჩაძემ, როდესაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წელს Crystalbet ეროვნული ლიგის რომელიმე კლუბის ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იწინასწარმეტყველა? ალბათ უფრო „იბერია“, რადგან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილისთვის მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილია. თანაც, ლევან კორღალიძის გუნდს ოფიციალურ მატჩებში არაჩვეულებრივი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც სწორედ „დილამ“ დაასრულა.
გაძლიერება აუცილებლად იგეგმება - ვაპირებთ ცენტრალური მცველის, თავდამსხმელისა და ერთი ისეთი ფეხბურთელის დამატებას, რომელსაც 8 ნომრის პოზიციაზე თამაში კარგად შეუძლია. ამ ფეხბურთელების დარეგისტრირება „რასინგთან“ თამაშებისთვის ვერ მოესწრება, მაგრამ ლუქსემბურგელების ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ახალწვეულებიც დაგვეხმარებიან. დაცვის მარჯვენა ფლანგზე „დილაში“ კონკურენციის პრობლემა დიდი ხანი გვქონდა და ვფიქრობ, გრიგოლ ჩაბრაძის მოსვლით ეს საფიქრალიც აღარ გვაქვს.
ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ იბრაჰიმა დრამე წავიდოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მის სანაცვლოდ ერთ-ერთი კლუბი 700 ათას ევროს გვთავაზობდა, რაც 2 მილიონი ლარია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ევროტურნირებზე დიდ მიზნებს ვისახავთ, მის გაშვებაზე უარი ვთქვით. უნდა ვაღიარო, რომ ფეხბურთელმაც შეგვიწყო ხელი - დრამეს როდესაც ჩვენ გუნდში თამაში შევთავაზეთ, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მესამე ლიგაში არ უწევდა ასპარეზობა და მენტალურად განადგურებული იყო. მას ეს ყველაფერი დღემდე ახსოვს და ამ ხელსაყრელ წინადადებაზე უარი თქვა - არადა იმაზე ათჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდნენ, ვიდრე „დილაში“ აქვს.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, „რასინგი“ - „დილას„ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა თბილისის დროით, 20:30 წუთზე დაიწყება, საპასუხო მატჩს კი ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს, რომელიც 17 ივლისს სტარტს 20:00 საათზე აიღებს.