ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ვფიქრობ, ეს ისტორიაში საუკეთესო 3-ბრძოლიანი სერიაა“ - ილია თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩეპმიონმა, ილია თოფურიამ TMZ Sports-თან ინტერვიუში ჩარლზ ოლივეირასთან მოგებულ ჩხუბზე და P4P რეიტინგში პირველ ადგილზე გადასვლაზე ისაუბრა.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასე გაფასებენ და მსოფლიოს უძლიერეს მებრძოლად გაღიარებენ. ეს ძალიან საამაყოა ჩემთვის. სამი ასეთი ოპონენტის ერთმანეთის მიყოლებით დამარცხება? ვფიქრობ, ეს ისტორიაში საუკეთესო 3-ბრძოლიანი სერიაა. სამი ლეგენდა: ვოლკანოვსკი მთელ დივიზიონში დომინირებდა, მაქს ჰოლოუეი ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდაა, ისევე როგორც ოლივეირა.

როგორ ვიწინასწარმეტყველე ჩარლზის დანოკაუტება? ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია ოქტაგონში. როდესაც ასეთ რაღაცებს ვამბობ, ხალხი ამპარტავანს მეძახის. რეალობა კი ისაა, რომ ვიცი, რა უნარები მაქვს, როგორ ვმუშაობ თითოეული ბრძოლის წინ. როდესაც ჩარლზთან ბრძოლა ჩამინიშნეს და მისი ჩხუბების შესწავლა დავიწყე, ვიცოდი, რომ პირველ რაუნდში დავანოკაუტებდი.

ერთადერთი რამ მჭირდება, რომ მეტოქე ოქტაგონის ცენტრში დამიდგეს და დარტყმები გამიცვალოს. ჩარლზი ყოველთვის ასე იქცევა, ის წინ მიდის, ნამდვილი მეომარი და ლომია. ვიცოდი, რომ როგორც კი წინ წამოვიდოდა, ჩემს კომბინაციებს გამოვიყენებდი და დავაძინებდი. მას დიდ პატივს ვცემ, ამ სპორტისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ოლივეირა შესანიშნავი სპორტსმენი და ადამიანია, რომელიც სწორ ღირებულებებს წარმოადგენს. მას ყოველთვის გვერდით ჰყავს ოჯახი და მეგობრები, ამიტომ მის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია“.

ცნობისთვის, ჩარლზ ოლივეირას და ილია თოფურიას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იყო. „მატადორმა“ „დუ ბრონქსი“ პირველ რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია დივიზიონის მეფე არ არის“ - პიმბლეტის მწვრთნელი
„თოფურია დივიზიონის მეფე არ არის“ - პიმბლეტის მწვრთნელი