ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილიას ყველაზე ძლიერი დარტყმის შემდეგ სახეში გავუცინებ“ - პედი პიმბლეტი

UFC-ის ბრიტანელი მებრძოლი პედი პიმბლეტი პოდკასტ Verse Us-ს ესტუმრა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონ ილია თოფურიაზე ისაუბრა.

„ვფიქრობდი, რომ თუ ჩარლზი შეძლებდა, ბრძოლა გვიან რაუნდებამდე მიეყვანა, ყველაფერი განსხვავებულად იქნებოდა. ძალიან მომწონს ჩარლზი, მაგრამ მისი გეგმა უბრალოდ სისულელე იყო! წინ დაუდგა თოფურიას და სახეში დარტყმას დაელოდა. ძალიან მაინტერესებს, რა გეგმა ჰქონდა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ სირცხვილი იყო. როდის გაუსკდა წარბი? ბუნებრივია, ეს ხელს უშლიდა, მაგრამ მაინც არ მესმის, რატომ უცვლიდა მუშტით დარტყმებს, როდესაც იცოდა, რომ თოფურია ტოპ დონის მოკრივეა და ძლიერი დარტყმა აქვს? ეს პროფესიონალებში ოლივეირას 47-ე ბრძოლა იყო და არ მესმის, რატომ გამოიყურებოდა მოყვარულივით.

მე ასეთი ბრძოლა არასოდეს მქონია. გალიაში ნამდვილი ომი არც ერთხელ არ მქონია. მინდა, ეს გამოცდილება მივიღო, მაგრამ ბევრი დაზიანება არასოდეს მიმიღია. თოფურია ვერ დამანოკაუტებს. მისი ყველაზე ძლიერი დარტყმის შემდეგ სახეში გავუცინებ. ხალხი ფიქრობს, რომ ილია უბრალოდ გადამივლის, მაგრამ როდესაც ფიზიკურ პარამეტრებში ასეთი დიდი სხვაობაა, ყველაფერი განსხვავებულად მიდის. ხალხი ფიქრობს, რომ თოფურიასთან ჩხუბისთვის სუსტი ვარ, მაგრამ ეს ბიჭი ჯუჯაა. ზუსტად ეს ვუთხარი - „დაგაფინიშებ, პატარა ბიჭო“. ის ჩემზე ბევრად დაბალია, მე კი მასზე ფიზიკურად ძლიერი ვარ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თოფურიას გალიაში სირბილს ვაიძულებ.

მინდა, თოფურიას წლის ბოლომდე ვეჩხუბო, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება. ამას არც მე ვწყვეტ და არც ილია. გადაწყვეტილებას UFC იღებს. ვფიქრობ, ეს ყველაზე ლოგიკური იქნებოდა - კონორისა და ხაბიბის ჩხუბის შემდეგ არ მოიძებნება ორი ადამიანი, რომლებსაც ასე სძულთ ერთმანეთი. მძულს თოფურია, აბსოლუტურად მძულს. მინდა, ტკივილი განიცადოს. მინდა, ბრძოლა 4 წუთსა და 50 წამს გაგრძელდეს და იდაყვებით 97 დარტყმა მქონდეს. არ მინდა სწრაფად დავანოკაუტო. ვეთანხმები დენას - ის, რაც გალიაში მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. იქ თოფურიას ცოლი და შვილი იყვნენ და მე მის ადგილზე ასე არასოდეს მოვიქცეოდი.

თოფურია სრულყოფილი მებრძოლია, ეს არაერთხელ მითქვამს. მე მას პატივს ვცემ, მაგრამ ის არ მცემს პატივს. ჩემთან ბრძოლისთვის ის ასე სერიოზულად არ მოემზადებოდა, იმიტომ რომ ადვილად დასამარცხებელი მეტოქე ვგონივარ. ბოლო სამი ჩხუბისთვის ის განსაკუთრებულად ემზადებოდა, იმიტომ რომ მეტოქეებად ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა ჰყავდა“.

გარდა ამისა, პიმბლეტი გამოეხმაურა საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, დრიკუს დუ პლესის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ UFC 319-ის თანამთავარი მოვლენა პედისა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნებოდა.

„შეშლილები ხართ, თუ ფიქრობთ, რომ აგვისტოში ვიჩხუბებ“ - დაწერა პედიმ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა, „მატადორს“ მომდევნო მეტოქეებზე ჰკითხეს, მან კი ოქტაგონში პედი პიმბლეტი მიიწვია. გალიაში „მატადორსა“ და „ბედის“ შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც ილიამ განაცხადა, რომ პიმბლეტს ეშინია და მასთან ჩხუბი არ სურს.

აქვე გეტყვით, რომ პიმბლეტს (23-3) ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და ბოლოს მან მიმდინარე წლის აპრილში მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა. რაც შეეხება გეიჯის (26-5) მან ბოლოს მიმდინარე წლის მარტში რაფაელ ფიზიევს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პედი პიმბლეტის ბრძოლა ჩანიშნულია | მეტოქე ილია თოფურია არაა
პედი პიმბლეტის ბრძოლა ჩანიშნულია | მეტოქე ილია თოფურია არაა