23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.
ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სეოკ-ის აჭარის
რეგიონული ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი: „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ორგანიზებული ღონისძიება. სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, მათ შორის ბათუმის ბულვარში მოწყობილ მძლეოსნურ გარბენში სხვადასხვა ასაკის ორი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ქალაქის ცენტრი მორთული იყო შესაბამისი ბანერებით, დაჯილდოების ცერემონია კი დიდ სცენაზე ჩატარდა. ოლიმპიური დღის ასე წარმატებულად ორგანიზებაში ჩვენ მხარში გვედგნენ ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურები, ქალაქის მერია, სპორტული ორგანიზაციები და კლუბები, ასევე სეოკ-ის სპონსორები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში კი ოლიმპიური დღის სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეებს“.
სპორტული აქტივობები ბათუმის ზღვისპირა პარკის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა შემდეგ სახეობებში: ქვიშის ფრენბურთი, კარატე, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, მინი ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში გაიმართა შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ნურის ტბაზე - კანოეში, ჭადრაკში - ბათუმის ბულვარში ,,ნონას კლუბში“.
გაიმართა მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი და ველოგარბენი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს და ბათუმის მერიის ხელმძღვანელებმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებმა, ასევე სპორტსმენებმა აჭარის რეგიონიდან.
ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან.
ოლიმპიური დღე ასევე აღინიშნა საქართველოს არაერთ რეგიონში მათ შორის იმერეთში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში.