ეს არ იყო მოედანზე გორიალი, ფიზიკურად აღარ შეგვეძლო| სვანაძის პრესკონფერენცია
UEFA-ს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის C ჯგუფის მეორე ტურში ფრანგებთან დრამატული მარცხის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.
რამაზ სვანაძე:
„პირველ ტაიმს რაც შეეხება, ვთვლი, რომ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ და ჩვენივე შეცდომების გამო აგვერია თამაში. წინა პრესკონფერენციაზე ბევრი ვილაპარაკე ინდივიდუალურ შეცდომებზე. პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, განსაკუთრებით ჩვენს ნახევარზე, როცა გაუმართლებლად ვკარგავდით ბურთებს.
ასეთი დონის გუნდები ასეთ შეცდომებს არ გპატიობენ და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურადაც. როდესაც შენს ნახევარზე ამდენ გადაცემას კარგავ, უკვე ფსიქოლოგიურად ისეთი თამამი აღარ ხარ. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ის რაც ჩვენ გვქონდა დამუშავებული, თუნდაც ბურთის ამოტანის დროს, ნაკლებად სრულდებოდა. პირველ ტაიმში მხოლოდ ორი მომენტი იყო, როდესაც ამოვედით ისე, როგორც იგეგმებოდა, და საკმაოდ სახიფათოდაც შევუტიეთ.
შესვენებაზე გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა დონის გუნდს ვეთამაშებით და რამხელა მნიშვნელობა აქვს ტაქტიკური მონახაზის შესრულებას. იყო ფსიქოლოგიური საუბარიც ფეხბურთელებთან და ყველამ დაინახა, რომ მეორე ტაიმში უკვე სულ სხვა გუნდი ვიყავით, თუმცა სამწუხაროდ მაინც დავმარცხდით
რამაზ სვანაძე გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე: „მერწმუნეთ ამ მხრივ პრობლემა არ არის. ჩვენ ვითამაშეთ ფეხბურთელებთან, რომელთაც ტოპ ჩემპიონატებში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვთ. ეს გამოცდილება უპირველესად თამაშის მაღალ ინტენსიურ თამაშს ნიშნავს. ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც სათამაშო დროის პრობლემა აქვთ. სათამაშო ინტენსივობაში ძალიან დიდი სხვაობაა და ჩვენი შეცდომები ამ ფაქტორმა განაპირობა. როდესაც შენს კართან ასეთი მასიური პრესინგი მოდის... ასეთ თამაშში გამოცდილება ნაკლები გვაქვს. ამიტომ, ძლიერ გუნდებთან თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროპის ჩემპიონატზე ხშირი თამაში ამაში დაგვეხმარება. ასეთ ნაკრებებთან თამაში ჩვენი ფეხბურთელების პროგრესის საწინდარია''.
სვანაძე საბა საზონოვზე: „მოედანზე გორიალი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი მხრიდან გამიზნული არ ყოფილა. ეს ნამდვილად არ იყო გორიალი. ფეხბურთელებს ფიზიკურად აღარ შეეძლოთ. თუ კარგად გახსოვთ, ეს საბა საზონოვი იყო. მე აღვნიშნე, თუ რა სირთულეებს გადის საბა, რომ ესე ითამაშოს, ესე გამოვიდეს, გადამწყვეტ მომენტში გოლი გაიტანოს. წარმოუდგენელია ჯვარედინი იოგის შემდეგ, ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი გამოვიდეს ისე, რომ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდეს და ასეთ ძლიერ ნაკრებთან ორი ტაიმი გაატაროს მოედანზე. ეს იყო მომენტი, როცა ადამიანს მეტი აღარ შეეძლო.
სვანაძე რეალობიას აღქმაზე:„რაც შეეხება ბურთის დაჭერას, არის მომენტები, როცა ფეხბურთელს უბრალოდ აღარ შეუძლია. ფიზიკურად დავიღალეთ, ამ ყველაფერს ძალიან ბევრი ქვეტექსტი აქვს, რატომ, რისთვის... ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არ უნდა მოვწყდეთ რეალობას, თუ რა დონის ნაკრებთან ვთამაშობთ, თუ რა გამოცდილებაა მათ ზურგს უკან და რომ მათ კვირაში ერთხელ ან ორჯერ რა დონის კლუბებთან უწევთ თამაში. რეალურად ჩვენ ახლა გავდივართ გზას, რომელიც ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ გაიარა. ჩვენ ამ გზას საკმაო წარმატებით გავდივართ. აქ ჩამოვდივართ და უსახელო ნაკრებს გვიწოდებენ, ჩვენთან კი რეალობის აღქმის სერიოზული პრობლემაა. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ამ ბიჭებით უნდა ვიამაყოთ. ჩვენ ისეთ გზაზე ვართ, რომ აუცილებლად მოვუმატებთ, ძალიან მალე მოვუმატებთ.
ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვთამაშობთ, დიდი ისტორია არ გვაქვს, თუმცა ყოველთვის ძლიერ ნაკრებებთან ვთამაშობთ და დღეს პირველად დავმარცხდით. ჩვენთვის ყველა მარცხი ტრაგედიაა. არა იმიტომ რომ არ შეიძლება საქართველოს ნაკრები დამარცხდეს, არამედ სიტყვა მარცხი ჩვენთვის ძალიან ცუდს ნიშნავს.ეს განწყობაა ახლაც გასახდელში და თითოეულ ჩვენგანში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამოცდილებას გვაძლებს. ჩვენ ვალდებულები ვართ პორტუგალიასთან თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. მესმის ეს ყველაფერი რთულია, ყველა მატჩის მოგება გვსურს, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სულ სხვაა. ეს რეალობა ის არის, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე პირველად დავმარცხდით, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან. არ არის მარტივი ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ გამოხვიდე და ასეთი მეორე ტაიმი ითამაშო. ბოლოს მოხდა ის, რომ... ცხოვრებაში არის მომენტი, რომ რაღაც მიდის და მიდის იმიტომ, რომ უნდა დაბრუნდეს. ჩვენ ძალიან ბევრი თამაში ბოლო წუთებზე მოვიგეთ, თამაში არაერთხელ შემოვატრიალეთ, ეს პირველი შეხვედრაა, როცა პირიქით მოხდა, ბოლო წუთებზე დავმარცხდით''.
C ჯგუფის პირველ ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა დრამატულ შეხვედრაში პოლონეთს მოუგო (1:2), პორტუგალია-საფრანგეთის მატჩი 0:0 დასრულდა.
მეორე ტურში საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა (2:3), პორტუგალიამ პოლონეთი 5:0 გაანადგურა.
მესამე ტურში სვანაძის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება, შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გამომდინარე იქიდან, რომ სლოვაკეთში ბევრი ქართველი ქომაგია, გეტყვით რომ პორტუგალიასთან მატჩი სლოვაკეთის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
2022 წელს, როცა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ისტორიულ შეხვედრაში, „დინამო არენაზე'' პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
დიმა შარიქაძე ჟილინადან კრისტალსპორტისთვის