საბა საზონოვი, გიორგი აბუაშვილი, ლუკა ხარატიშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

დრამა ბოლო წუთზე | საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

პოლონეთთან მოგებული მატჩის შემდეგ სვანაძემ ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - გაბრიელ სიგუასა და გიორგი აბუაშვილის ნაცვლად საფრანგეთთან მატჩი პირველი წუთებიდან დაიწყეს ირაკლი იეგოიანმა და გიზი მამაგეიშვილმა.

პირველი ტაიმი ფრანგების სათამაშო უპირატესობის ფონზე წარიმართა, თუმცა ხარატიშვილის კართან ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა. ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა: საბა საზონოვმა მატის ტელის წინააღმდეგ იუხეშა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც უშეცდომოდ თავად დაზარალებულმა შეასრულა.

56-ე წუთზე შეცვლაზე შესული აბუაშვილი ანგარიშის გათანაბრებასთან იყო ახლოს, თუმცა მისი შორეული დარტყმა კუთხურზე ფრანგების მეკარემ, გიომ რესტმა მოიგერია. 76-ე წუთზე აბუაშვილმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო, რასაც სიგუას მხრიდან პრესინგში კარგი თამაში უძღოდა წინ. 84-ე წუთზე საბა საზონოვმა თავური დარტყმით რამაზ სვანაძის გუნდი დააწინაურა, თუმცა 89-ე წუთზე იოჰან ლეპენანმა ხარატიშვილის კარში მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მესამე გოლის გატანა კი ფრანგებმა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე მოახერხეს - თავი ტიერნო ბარიმ გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი, გაგნიძე (ო.მამაგეიშვილი, 55), ლომინაძე, ეგოიანი (სიგუა, 66), ოდიშარია (გორდეზიანი, 66), კვერნაძე (ოსიყმაშვილი, 90+1), გ.მამაგეიშვილი (აბუაშვილი, 55).

პარალელურად გამართულ შეხვედრაში პორტუგალიამ პოლონეთს მოუგო (5:0) და ორი ტურის შემდეგ C ჯგუფის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

  1. პორტუგალია 4 ქულა
  2. საფრანგეთი 4 ქულა
  3. საქართველო 3 ქულა
  4. პოლონეთი 0 ქულა

ბოლო ტურში რამაზ სვანაძის გუნდს პორტუგალიასთან მატჩში მხოლოდ მოგება დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან სიფრთხილე გვმართებს“ - საფრანგეთის U21 ნაკრების მცველი
„საქართველოსთან სიფრთხილე გვმართებს“ - საფრანგეთის U21 ნაკრების მცველი