ფეხბურთელებმა ემოციები უნდა მართონ, ჩვენ მათი გვჯერა | სვანაძის პრესკონფერენცია
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ საფრანგეთთან მატჩის წინ ჟილინაში, „შტადიონ პოდ დუბნიოზე’’ პრესკონფერენცია გამართა.
რამაზ სვანაძე: „ბოლო წამებზე მოგებულ თამაშს უფრო დიდი სტიმული და ემოციები მოჰყვება, ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. ძალები აღვიდგინეთ, ტრავმების მხრივ პრობლემები არ გვაქვს, მხოლოდ მცირე დისკომფორტები არსებობს, რაც ფეხბურთში ჩვეულებრივი რამ არის. ლომინაძეს მცირე დისკომფორტი აქვს, თუმცა თამაშისთვის მზადაა.
მე ჩემი ყველა ფეხბურთელის მეიმედება და მწამს. თუ ახალი სახეები გამოჩნდებიან, რომელთაც პირველ მატჩში არ უთამაშიათ, ეს თამაშის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
ყვითელ ბარათებთან დაკავშირებით მოთამაშეებთან საუბარი გვქონდა. ფეხბურთელებმა ემოციები უნდა მართონ. ასაკის გათვალისწინებით მსგავსი ფაქტები ხშირია. თითოეულმა მათგანმა უნდა გაიაზროს, რომ ემოციები მართონ.
ყველას გააზრებული აქვს, თუ რა დონის გუნდს ვეთამაშებით. ამ შეხვედრაში ყველაფრის სწორად დაგეგმვის, შესრულებისა და თავის გამოჩენის შემთხვევაში სულ სხვა ასპარეზი იშლება, როგორც გუნდურად, ვგულისხმობ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, ასევე ფეხბურთელების ინდივიდუალურ ცხოვრებაში.
საფრანგეთის ნაკრები შევისწავლეთ, ძალიან ძლიერი და დაბალანსებული გუნდია. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ გუნდური პრინციპები. თითოეულ მონაკვეთში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. საფრანგეთის ნაკრები შეცდომას არ გაპატიებს და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
პოლონელებთან უპირატესობა ჩვენ გვქონდა, თუ არ ჩავთვლით მცირე მომენტს, როცა თამაში კარგად არ გამოგვივიდა. საფრანგეთის ნაკრებთან ბურთის კონტროლს ვგეგმავთ. თუ კონტრშეტევის საშუალება გვექნება, კონტრშეტევაზე გადავალთ. არ ვიცი პროცენტულად ბურთის კონტროლი რამდენი გვექნება, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბურთი ხშირად ჩვენ გქვონდეს. ბურთის გარეშე დარჩენას არ ვაპირებთ.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს ძალიან დიდი არჩევანი აქვს. შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრებში ნაკლებად ცნობადი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ტურნირის დასრულების შემდეგ შესაძლოა მათი ცნობადობა გაიზარდოს. ძალიან ძლიერი ნაკრებია''.
ევრო 2025 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჟილინაში პოლონეთს 2:1 მოუგო, პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის მატჩი 0:0 დასრულდა. მეორე ტურში ჯგუფის ლიდერი საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდება, პოლონეთი - პორტუგალიას.
დიმა შარიქაძე ჟილინადან კრისტალსპორტისთვის