ჰოლოუეის საჩემპიონო ამბიციები | დალოცვილს ილიასთან ან ოლივეირასთან ჩხუბი უნდა
BMF-ის სიმბოლური საჩემპიონო ქამრის მფლობელს, მაქს ჰოლოუეის სატიტულო ამბიციები აქვს. „დალოცვილი“ მომდევნო ორთაბრძოლას დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ „ბრილიანტის“ დამარცხების შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს.
„ტიტულზე ისევ ვფიქრობ. UFC 317-ზე, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იჩხუბებენ. ორივე მებრძოლთან მაქვს ისტორია და თუ გავალ და ოქტაგონზე ხმამაღალ განცხადებას გავაკეთებ, ვინ იტყვის, რომ თქვენი მაქსი წლის ბოლოს საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს?!“.
ცნობისთვის, „დალოცვილს“ „დუ ბრონქსი“ დამარცხებული ჰყავს. 2015 წლის აგვისტოში, ოლივეირამ ტრავმა მიიღო, როდესაც თეიქდაუნის მცდელობისგან თავი დაიცვა. პირველი რაუნდის შემდეგ, ბრაზილიელმა ჩხუბი ვერ გააგრძელა და ჰოლოუეის ტექნიკური მოგება ჩაეწერა.
სხვათა შორის, მაქსი ერთადერთი არაა, ვისაც საჩემპიონო ამბიციები აქვს. ჯასტინ გეიჯიმ განაცხადა, რომ საკუთარი მემკვიდრეობის ნაგავზე გადაგდებას არ აპირებს და სურს, ოლივეირასა და თოფურიას ჩხუბის გამარჯვებულს დაუპირისპირდეს. ჰოლოუეისა და პორიეს ჩხუბს რაც შეეხება, მათი ორთაბრძოლა UFC 318-ის მთავარი მოვლენა იქნება.