უილიამსის აგენტი ბარსელონაში დეკუს შეხვდა | რომანო
ბილბაოს „ატლეტიკის“ მარცხენა გარემარბის, ნიკო უილიამსის აგენტი ფელიქს ტაინტა დღეს ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც „ბლაუგრანას“ სპორტულ დირექტორს, დეკუს შეხვდა. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა დეკუს განუცხადა, რომ ნიკო მზადაა „ბარსას“ შეუერთდეს და ხელფასიც დაიკლოს. ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის მტკიცებით, უილიამსი თანახმაა, გადასახადების ჩათვლით სეზონში 12 მილიონი ევრო მიიღოს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ, რაც პრესაში ნიკოს აგენტისა და დეკუს შეხვედრის შესახებ დაიწერა, ლამინ იამალმა, რომელიც უილიამსთან მეგობრობს, მათი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.
კატალონიური გამოცემები Mundo Deportivo და Sport-ი წერენ, რომ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ლუის დიასია, თუმცა კატალონიელები „ლივერპულისთვის“ კოლუმბიელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ.
„ბლაუგრანას“ სატრანსფერო სამიზნეებს შორისაა მარკუს რეშფორდიც - მის შემთხვევაში საუბარია პოტენციურ იჯარაზე, გამოსყიდვის უფლებით.
ცნობისთვის, უილიამსის დამატებით დაინტერესებულია მიუნხენის „ბაიერნი“. ინგლისური პრესა წერს ლონდონის „არსენალის“ ინტერესზეც, ახლა კი 22 წლის გარემარბისთვის კონკურენციაში „ბარსელონა“ დაწინაურდა.