„დანებება არ მინდოდა, მაგრამ ეს შედეგი მივიღეთ“ | სპალეტი იტალიის ნაკრებს ტოვებს
იტალიის საფეხბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ლუჩანო სპალეტი პოსტს ტოვებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად Sky Sport Italia-მ გაავრცელა, შემდეგ კი „სკუადრა აძურას“ თავკაცმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
„ბოლო საათებში, ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდი. გრავინამ მითხრა, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობებისგან თავისუფალი ვარ. ძალიან ვწუხვარ. დანებების არანაირი სურვილი არ მქონდა. მერჩივნა, დავრჩენილიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან მაქსიმალური მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ შედეგი ასეთია. გამარჯვება და ხვალ დამაჯერებელი თამაშის ჩვენება იდეალური ვარიანტი იქნება იმ ადამიანისთვის, ვინც მე ჩამანაცვლებს. მტკივნეულია, რადგან გუნდს მაქსიმუმი არ უჩვენებია.
მოლდოვასთან სათადარიგოთა სკამზე ვიქნები. ეს მაისური, სამსახური და ფეხბურთელები ძალიან მიყვარს. ხვალ, მათ ვთხოვ, აჩვენონ ის, რაც მოვითხოვე და იმედია, მაქსიმუმს ვაჩვენებთ“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალიის ნაკრებმა პირველი შეხვედრა ნორვეგიასთან გამართა და სტუმრად 0:3 განადგურდა. სპალეტის გაშვება სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადაწყდა.