ქართული ფესვების მქონე თიმურ კოპაძე | უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა
უზბეკეთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. აზიის ზონის A ჯგუფის ბოლოსწინა ტურში უზბეკეთმა, რომელსაც ქართული ფესვების მქონე თიმურ კოპაძე წვრთნის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან სტუმრად 0:0 ითამაშა. უზბეკეთმა მეორე ადგილი გაინაღდა, რაც მუნდიალის საგზურის გარანტიაა. შესაძლოა, უზბეკეთმა პირველი ადგილიც დაიკავოს, ბოლო ტურის წინ ლიდერ ირანს 2 ქულით ჩამორჩება.
კოპაძე თურქი მესხია, მისი წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თურქი მესხები შუა აზიაში გადაასახლეს (ფოტოზე თიმურ კოპაძეა). ფეხბურთლის კარიერის დიდი ნაწილი უზბეკეთში გაატარა, „ბუნიოდკორში’’ რივალდოს თანაგუნდელი იყო, უზბეკეთის ჩემპიონი არაერთხელ გახდა და აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამჯერ ითამაშა.
უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებში 119 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ჩატარებული მატჩების რაოდენობით უზბეკეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ადგილზეა, პირველზე სერვერ ჯეპაროვია (128 მატჩი).
რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, უზბეკეთის 23-წლამდე და ოლიმპიურ ნაკრებებს წვრთნიდა. 2025 წლის თებერვალში უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2022 და 2024 წლებში უზბეკეთის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
ასევე გეტყვით, რომ უზბეკეთის ნაკრების კაპიტანი ელდორ შომუროდოვია, რომელიც „რომაში’’ თამაშობს.
უზბეკეთის მსგავსად მსოფლიოს ჩემპიონატზე იორდანიაც პირველად ითამაშებს, რომელმაც აზიის ზონის B ჯგუფის ბოლოსწინა ტურში ომანს სტურმად მოუგო (0:3), 16 ქულით მეორე ადგილზეა და ერაყს 4 ქულით უსწრებს. ასე რომ, უზბეკების მსგავსად მსოფლიოს ჩემპიონატზე მათაც პირველად ვიხილავთ. ჯგუფში პირველზე სამხრეთ კორეაა, რომელიც იორდანიას 3 ქულით უსწრებს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, შესარჩევი ეტაპის გავლით, შვიდმა ნაკრებმა გაინაღდა: იაპონია, ირანი, უზბეკეთი, იორდანია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია, არგენტინა. ტურნირს მექსიკა, აშშ და კანადა უმასპინძლებენ, რომლებიც მასპინძლის სტატუსით გამომდინარე მუნდიალზე ითამაშებენ.