ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია

ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგების მიხედვით ლიპარტელიანმა 140 ხმა მიიღო. 92 ქულით მეორე ადგილზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა გავიდა. მესამე შედეგი კი 31-31 ქულით ძალოსან ანასტასია გოტფრიდს და ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს ჰქონდათ. გამოკითხვაში მონაწილეობა 75-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო.

25 წლის ეთერ ლიპარტელიანი ევროპის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორია, შერეულ გუნდურ შეჯიბრში კი ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახლავთ. 

თბილისის ძიუდოს აკადემიაში ეთერ ლიპარტელიანს, რომელმაც წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო, ჯილდო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ გადასცეს.

თამარ ბალავაძემ გამარჯვებულ სპორტსმენს საკუთარი წიგნიც - „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორიაც“ უსახსოვრა. წიგნში 23 ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, მზია ჯუღელიდან დაწყებული ნინო სალუქვაძით დასრულებული.

მოქმედი სპორტსმენებიდან ეთერ ლიპარტელიანი ერთადერთია, ვისი ისტორიაც ამ წიგნში შევიდა.

დაჯილდოებას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ძიუდოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე ესწრებოდნენ. 

ეთერ ლიპარტელიანი : „დიდი მადლობა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ჩემი არჩევისთვის. ეს  ჩემთვის დიდი პატივი და დიდი მოტივაციაა. ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი. სასიამოვნოა როცა  შრომა გიფასდება.“ 

ლევან ნოზაძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი: „დიდი მადლობა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას. ეთერის აღიარება, არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის ძიუდოს ფედერაციისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის დიდი სტიმულია. ვეცდებით კიდევ ბევრჯერ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები." 

გიგა გვენცაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი: მინდა მივულოცო ეთერ ლიპარტელიანს მორგი აღიარება. იგი ბოლო წლებში ჩვენში ქალთა სპორტის უდავო ლიდერია. რამდენიმე დღეში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და მინდა წარმატებები ვუსურვო ეთოს და საქართველოს ნაკრებს"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები