„პარიზმა დამსახურებულად მოიგო, იმედგაცრუებულები ვართ“ - ინძაგი
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ წაგებული მატჩი (0:5) პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
რა თქვა ინძაგიმ:
„პარიზელებმა დამსახურებულად მოიგეს. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ფინალამდე დიდი და რთული გზა გავიარეთ. მადლობა გადავუხადე ბიჭებს იმისთვის, რაც ამ სეზონში გააკეთეს. ტიტულები ვერ მოვიგეთ, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. რა თქმა უნდა, დღეს ცუდად ვითამაშეთ.
ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება, რომელიც უფრო გაგვაძლიერებს. ისეთივე მძიმე მარცხია, როგორიც სტამბოლის ფინალში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თამაში სულ სხვანაირად წარიმართა. პსჟ-ის ფეხბურთელები ყველა ბურთზე პირველები იყვნენ - ბევრად უკეთესად უნდა გვეთამაშა.
ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ. ამ სეზონში 58 მატჩი ჩავატარეთ - იმედგაცრუებულები და დამწუხრებულები ვართ. ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ“.
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ინტერთან:
მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.