ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში | პარი სენ-ჟერმენმა ინტერი მიწასთან გაასწორა
მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა და „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.
მატჩი პსჟ-ის უპირატესობით დაიწყო. მეშვიდე წუთზე, პარიზელებს მინი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მარკინიოსის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. პირველი ზუსტი დარტყმა დეზირე დუემ შემოგვთავაზა, მაგრამ იან ზომერმა პოზიცია სწორად შეარჩია, რამდენიმე წამში კი შვეიცარიელმა მეკარემ უსმან დემბელეს აუღო.
შეხვედრაში ანგარიში „პარი სენ-ჟერმენმა“ გახსნა. მე-12 წუთზე, პარიზელებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და იერიშში ხვიჩა კვარაცხელიაც იყო ჩართული. ვიტინიას პასის შემდეგ, დუე სახიფათო მდგომარეობაში დარჩა და საჯარიმოში მყოფი აშრაფ ჰაკიმი შენიშნა, რომელმაც „ინტერის“ კარი მშვიდად აიღო - 1:0.
მე-17 წუთზე, „ნერაძურის“ კარისკენ ხვიჩამ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად, მე-20 წუთზე კი პსჟ-მა მეორე გოლი გაიტანა და ბრწყინვალე კონტრშეტევა დააგვირგვინა. პარიზელები იერიშზე სწრაფად „კვარას“ გადაცემის წყალობით გადავიდნენ, რომლის შემდეგაც დემბელემ საგოლე გადაცემა გააკეთა და დუეს გაატანინა.
პრეასისტის შემდეგ, კვარაცხელიას გოლის გატანაც შეეძლო. პირველი ტაიმის დამატებულ მე-2 წუთზე, ქართველი ფეხბურთელის დარტყმას მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა, რომლის შემდეგაც, „კვარამ“ მეორე სართულზე გამართული დუელი მოიგო და ოდნავ არაზუსტად დაარტყა. საწყის 45 წუთში, „ინტერს“ არაფერი გამოუვიდა და შესვენებაზე „პარი სენ-ჟერმენი“ 2:0-ს იგებდა.
მეორე ტაიმის სტარტზე, ქართველ ფეხბურთელს ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. „ინტერის“ საჯარიმოში, კვარაცხელიამ მშვენივრად იმოქმედა და მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ მიზანს ცოტათი ააცილა. 50-ე წუთზე, ხვიჩამ კიდევ ერთი შანსი ვერ გამოიყენა. 24 წლის გარემარბი „ნერაძურის“ საჯარიმოში, ხელსაყრელ მდგომარეობაში დარჩა, მაგრამ მარცხენა ფეხით ისევ არაზუსტად გაუშვა.
52-ე წუთზე, კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, უსმან დემბელეს ჰქონდა შანსი და ფრანგმა ფეხბურთელმა ოდნავ არაზუსტად გაისროლა. 61-ე წუთზე, აშრაფ ჰაკიმის შეეძლო, ხვიჩას მისამართით პასი გაეკეთებინა, მაგრამ ეგოისტურად ითამაშა და მეორე გოლზე წავიდა, თუმცა, მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ. 63-ე წუთზე, 19 წლის დუემ „ინტერის“ გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დაადუმა. დეზირემ დუბლი გაიფორმა და „ნერაძური“ პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
5 წუთში, ცვლილებაზე შესულმა ბრედლი ბარკოლამ ზომერის კარს ოდნავ ააცილა, 72-ე წუთზე კი ჩვენი ბიჭის ჯერი დადგა. დემბელეს ბრწყინვალე ფასის შემდეგ, კვარაცხელიამ მესამე მომენტი აღარ გაუშვა ხელიდან და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.
87-ე წუთზე, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერის“ განადგურებას წერტილი დაუსვა. იტალიელთა კარში გოლი სენი მაიულუმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0. პსჟ-მა მეტოქე გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიაში პირველად აღმართა.
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი