ოფიციალურად - ფრიმპონგი ლივერპულის ფეხბურთელია
ჯერემი ფრიმპონგი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. მერსისაიდელების ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 24 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა.
რა თქვა ფრიმპონგმა:
„ყველაფერმა მარტივად ჩაიარა. „ლივერპულიდან“ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დაინტერესებულები არიან ჩემით. რა თქმა უნდა, ეს წინადადება დაუფიქრებლად მივიღე. აგენტებს ვუთხარი, - „გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ ეს ტრანსფერი შედგეს“.
გულშემატკივრებს ვპირდები, რომ არ დავაღალატებ, ბოლომდე დავიხარჯები და მთელ ჩემს ენერგიას გუნდს მოვახმარ. იმედია, ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“.
„ენფილდზე“ გადასვლამდე ფრიმპონგმა 4,5 სეზონი „ლევერკუზენში“ გაატარა, სადაც 190 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 44 ასისტი მიითვალა. „ფარმაცევტებთან“ ერთად ფრიმპონგმა 2023-24 წლების სეზონში ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ „ლივერპულს“ ახალ სეზონში გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება. „წითლებთან“ კონტრაქტები გაახანგრძლივეს მოჰამედ სალაჰმა და ვირჯილ ვან დაიკმა, ხოლო ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კლუბს დატოვებს და „რეალს“ შეუერთდება.
მედიის ინფორმაციით, „ლივერპულმა“ „ლევერკუზენს“ ფლორიან ვირცის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო შესთავაზა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრანსფერის გაოფიციალურებისგან კლუბებს მხოლოდ ბონუსების სისტემაზე შეთანხმება აშორებთ.