„კარგი მებრძოლია“ | ნეით დიაზს ილია თოფურიასთან ჩხუბი უნდა
UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს, ნეით დიაზს ორგანიზაციაში დაბრუნება უნდა. დიაზი The HJR Podcast-ის პოდკასტის სტუმარი იყო და სავარაუდო მეტოქეები დაასახელა, რომელთა შორის ილია თოფურიაც იყო.
„UFC-ში დაბრუნებას ვგეგმავ. თუ უარს არ მეტყვიან, მინდა, ოქტაგონზე გავიდე და ვინმე მაგრად ვცემო. ვისთან ვისურვებდი ჩხუბს? ამ მომენტისთვის, მსუბუქ წონით დივიზიონში არავინაა, ვისთანაც ვიბრძოლებდი და კონკრეტული მეტოქე შერჩეული არ მყავს, სწორედ ამიტომ არ ვარ, UFC-ში.
მე და კონორ მაკგრეგორს საქმე გვაქვს ბოლომდე მისაყვანი და ჩვენი მესამე ჩხუბი უნდა ჩაინიშნოს. მაქს ჰოლოუეისთან BMF-ის ქამრისთვის სიამოვნებით ვიჩხუბებდი. მეორე ბიჭიც ძალიან კარგი მებრძოლია. ილია თოფურიაზე ვსაუბრობ. მასთანაც მინდა ბრძოლა“.
შეგახსენებთ, რომ დიაზს კარიერაში 34 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 21 მოგება და 13 წაგებაა. ნეითმა ბოლოს 2022 წელს იჩხუბა და ტონი ფერგიუსონი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.