„რემატჩისთვის თავის მოტივირება რთულია“ - მერაბის ინტერვიუ ენტონი სმიტთან
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ESPN-ზე UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ენტონი სმიტის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის შონ ომალისთან გასამართ რემატჩზე და სამომავლო გეგმებზეც.
მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ:
„2025 წელს ჩემპიონის ტიტულის ოთხჯერ დაცვა მინდა, ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს. გამარჯვებისთვის და ქამრის კიდევ ერთხელ დასაცავად ბევრს ვშრომობ. შონთან რემატჩი მარტივ ბრძოლად არ მიმაჩნია, ეს დიდი გამოწვევა იქნება. თუ მოვიგებ, მხოლოდ 1 თვე დავისვენებ და შემდეგ სავარჯიშო ბანაკს დავუბრუნდები, მინდა დაკავებული ვიყო. გავიგე, რომ მექსიკის ქალაქ გვადალახარაში აპირებენ ივენთის გამართვას და იქ ბრძოლა მინდა, შემდეგ ნიუ-იორკში ნოემბერში, ან დეკემბერში. ვნახოთ, ერთი ომალისთან და შემდეგ ეს ორი“.
„რაც შეეხება ომალისთან რემატჩს, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ბრძოლა იქნება. შონი ჩვენს წონაში ყველაზე პოპულარულია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საქმე ჩემს მემკვიდრეობას ეხება და ყველა ბრძოლა მნიშვნელოვანია. ამ რემატჩს მოუთმენლად ველი და ვეცდები, ბრძოლა გამარჯვებამდე მივიყვანო, მინდა ძალები დარტყმებში გამოვცადო და სხვადასხვა რაღაცები ვცადო. ვიცი, რომ შონი გეგმას შეცვლის. ის ასევე ამბობს, რომ 70%-ით უკეთესი იქნება, მე კი მინდა ვნახო და გამოვცადო. ეს მეც უფრო აღმაფრთოვანებს“.
„ზოგადად, რემატჩისთვის მომზადება რთულია. რთულია საკუთარი თავის მოტივირება. მე იგივე ბიჭს ვებრძვი, მაგრამ ვიცი, რომ უფრო საშიში იქნება. პირველ ბრძოლაში მზად ვიყავი, მქონდა ბრძოლის გეგმა და ვიცოდი, რომ მის წინააღმდეგ კარგად იმუშავებდა. მასაც ჰქონდა გეგმა, მაგრამ კარგად შევაჩერე. ახლა ვიცი, რომ უფრო აგრესიული იქნება და თავიდანვე შემომიტევს მუშტებით და ფეხით დარტყმებით. წინა ბრძოლაში ის ჩემს მოქმედებას ელოდებოდა, მე კი დისტანციას ვიცავდი. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ დისტანციას ამცირებდა, მიწაზე გადამყავდა, ამჯერად განსხვავებული ბრძოლა იქნება. რა თქმა უნდა, ყველა ბრძოლა ახალი გამოცდილებაა და გამუდმებით ვცდილობ, ყველაფრისგან ვისწავლო“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი სწორედ შონ ომალის წინააღმდეგ, გასული წლის სექტემბერში გახდა, შემდეგ კი ქამარი 2025 წლის იანვარში, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა. „მანქანასა“ და „შუგას“ რემატჩი ორ კვირაში, 8 ივნისს გაიმართება.
სრული ინტერვიუ