„შონს ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლია, ქამრისთვის მე უნდა მეჩხუბა“ - კორი სენდჰეგენი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა Overdogs-ის პოდკასტში შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „შუგას“ ქამრისთვის რემატჩი არ დაუმსახურებია. სენდჰეგენი მიიჩნევს, რომ უმარ ნურმაგომედოვის შემდეგ საჩემპიონო ჩხუბი მას უნდა მიეღო.
რას ამბობს კორი სენდჰეგენი:
„ქამრისთვის მე უნდა მეჩხუბა, ამას ნამდვილად ვიმსახურებდი. ვფიქრობ, კარგ პოზიციაში ვარ და უბრალოდ პრომოუტერების დარწმუნებაა საჭირო. ბოლო ბრძოლაში რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე“.
„ომალის კარგი შედეგები აქვს, მაგრამ ბევრი ძლიერი კონკურენტები არ ჰყოლია. ვფიქრობ, თუ ძლიერ ბიჭებთან რეგულარულად იჩხუბებს, ყველა ბრძოლას ვერ მოიგებს, ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ? მისთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა... მერაბის და იანის გარდა მას ძლიერი მეტოქე არ ჰყოლია, ამას დივიზიონში ბევრი ადამიანი ვერ იტყვის, მაგრამ მე მაქვს ამის თქმის უფლება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო ბიჭებს ვებრძოდი“.
„ომალი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დივიზიონში მხოლოდ საუკეთესოებთან იბრძოდა. როდესაც რეალურად ასე იქნება, მაშინ ბევრ ბრძოლას წააგებს, მაგალითად, როგორც მერაბთან წააგო“.
„იმედია ამ ბრძოლაში გამარჯვებულს მე შევხვდები. თუ მე და ომალი ვიჩხუბებთ, დავამტკიცებ, რომ მასზე ბევრად უკეთესი ვარ. ამაზე საუბარს აღარ ვაპირებ. თუ არ მექნება ამის შესაძლებლობა, ინტერნეტში ამაზე კამათს აღარ გავაგრძელებ, არ ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ რაში არის უკეთესი. ვფიქრობ, ერთ დღეს აუცილებლად მექნება ამის დამტკიცების შესაძლებლობა“.
კორი სენდჰეგენი ბოლოს დეივისონ ფიგერედოს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს ბრძოლა მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარდა. MMA-ის სამყაროში მოიაზრებენ, რომ კორი სენდჰეგენი სატიტულო ბრძოლის მომდევნო კანდიდატი იქნება და საჩემპიონო ქამრისთვის მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის გამარჯვებულის შეხვდება.