ბურჯანაძის 9 ქულა - ლეიმას მარცხი მურსიასთან
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი „ლეიმასთვის“ უკვე ფორმალობაა, რადგან გალისიური კლუბი ქვედა ლიგაში დაქვეითდა, რის გამოც ამ გუნდის კალათბურთელები ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან განსაკუთრებული წნეხის გარეშე თამაშობენ. XXXIII ტურში ბექა ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „მურსიას“ დაუპირისპირდნენ და 12-ქულიანი სხვაობით, 93:105 დამარცხდნენ.
31 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 27 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბექამ ერთიდან ერთი სამქულიანი და ათიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან მისი ოთხი ტყორცნიდან კი ოთხივე არაზუსტი აღმოჩნდა. ბურჯანაძემ სამივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
33 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 26 წაგებით, როგორც უკვე მოგახსენეთ, „ლეიმა“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. წლევანდელ სეზონს ბექა ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები 30 მაისს, „ბასკონიასთან“ საშინაო შეხვედრით დაასრულებენ.