ვალვერდე: “ჭორები ყოველთვის ვრცელდება, ნიკო ჩვენით ძალიან კმაყოფილია“
რამდენიმე დღის წინ, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ მადრიდის რეალი ნიკო უილიამსის გადაბირებით ინტერესდებოდა. მეტიც, MARCA იუწყებოდა, რომ ბლანკოსი მზად იყო გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევრო გადაეხადა.
დღეს, ბილბაოს ატლეტიკის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ვალვერდე:
„ვვარაუდობთ, რომ ნიკო უილიამსი მომავალ წელს ჩვენთან იქნება და გვინდა, რომ ეს ასე იყოს. ტრანსფერზე ჭორები ყოველთვის ვრცელდება და თქვენ იცით, როგორია ეს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ნიკოთი და ასევე ნიკო ძალიან კმაყოფილია ჩვენით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სეზონი მისთვის შესანიშნავი იქნება და თავის საუკეთესო თვისებებს აქ გამოავლენს.“
შეგახსენებთ, რომ ბილბაო მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ნიკო უილიამსის კონტრაქტი კი ბასკურ კლუბთან 2027 წლის ივნისში იწურება.
ასევე შეგახსენებთ, ნიკოს გადაბირების მთავარი კანდიდატი ბარსელონა იყო, რომელიც გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ტრანსფერი არ განხორციელდა.