„მჯერა, რომ თოფურია მახაჩევს დაამარცხებს“ - კორი სენდჰეგენი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ჩხუბში გამარჯვება „ელ მატადორს“ დარჩებოდა.
კორი სენდჰეგენი:
„უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ წავალ - მჯერა, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევს დაამარცხებს. ვფიქრობ, ილიას წაქცევა ძალიან რთული იქნება.
რაც შეეხება დგომში ჩხუბს, ამ მხრივ თოფურია ძალიან, ძალიან სახიფათოა. ვერ ვხედავ, რის ხარჯზე შეუძლია ისლამ მახაჩევს თოფურიას დამარცხება“.
როგორც ცნობილია, 28 ივნისს (თბილისის დროით 29 ივნისს) ილია თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის ჩხუბში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, მან ქვესაშუალო წონაში გადასვლა გადაწყვიტა და ამ წონის ახალ ჩემპიონთან, ჯეკ დელა მადალენასთან იჩხუბებს. ამ დაპირისპირების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.