ეპოქის დასასრული - მოდრიჩის და ანჩელოტის ბოლო მატჩი ბერნაბეუზე
მადრიდის რეალში უდიდესი ეპოქა დასრულდა. ლუკა მოდრიჩმა და კარლო ანჩელოტიმ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ბოლო მატჩი ჩაატარეს. ბოლო შეხვედრა გამართა ასევე ლუკას ვასკესმა.
ბლანკოსმა ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში სოსიედადს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა და იმ შემთხვევაში, თუ მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის დასკვნით ტურში 4 გოლს არ გაიტანს, ფრანგი სუპერვარსკვლავი ოქროს ბუცის მფლობელი გახდება.
ლუკა მოდრიჩი მოედნიდან 87-ე წუთზე გაიყვანეს. ხორვატ ნახევარმცველს მთელი ბერნაბეუ ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა. მოედანზე ლუკას შვილებიც გამოჩნდნენ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აცრემლებული თვალებით უყურებდნენ.
მოდრიჩთან დასამშვიდობებლად ტონი კროოსიც მივიდა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში დაუვიწყარ დუეტს ქმნიდა. ლუკა მოდრიჩმა მადრიდული გრანდი 39 წლის ასაკში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ხორვატი რეალს 2012 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 591 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მოდრიჩმა სამეფო კლუბთან ერთად 28 ტიტული მოიგო, რაც მას ბლანკოსის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად აქცევს. ასევე ლუკამ 2018 წელს ოქროს ბურთიც მოიგო.