„ფეხბურთელები მოუყვანეთ“ | ბექჰემმა ამორიმი დაიცვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ, დევიდ ბექჰემმა „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი დაიცვა და მოუწოდა კლუბს ხელმძღვანელობას, პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ მოთხოვნილი ფეხბურთელები იყიდოს.
დევიდ ბექჰემი:
„სეზონი ჩვენთვის კარგი არ ყოფილა. შესამჩნევია, როდესაც კლუბში სტაბილურობა არაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს.
გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ის აღელვებთ, რაც მოედანზე ხდება, ხოლო ამ სეზონში იქ მოსაწონი ცოტა რამ ხდებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 74 ათასი ადამიანი მოდის სტადიონზე. მწვრთნელი ამას ხედავს და სწორედ ამიტომ მომწონს ამორიმი. ვფიქრობ, მას „იუნაიტედში“ წარმატების რეალური შანსი აქვს.
ამორიმი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც „სპორტინგში“ წარმატებას მიაღწია და ეს მისი ასაკის მწვრთნელისთვის უდიდესი გამოცდილებაა. ვფიქრობ, ის საჭირო ზომებს მიიღებს.
რუბენს აუცილებლად სჭირდება ახალი ფეხბურთელები, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა ეს შესაძლებელი ფინანსური თვალსაზრისით. ჯიმ რეტკლიფთან ხშირი კონტაქტი არ მაქვს და ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამორიმს სჭირდება მხარდაჭერა, რათა მან თავისი გუნდი ააშენოს“.
ცნობისთვის, ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „წითელმა ეშმაკებმა“ 40 მატჩიდან 15 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს და 15 წააგეს. „იუნაიტედი“ პრემიერლიგის მე-16 ადგილზეა, ევროპა ლიგის ფინალში კი „ტოტენჰემს“ შეხვდება.