ლიდერმა ქულები დაკარგა - დილას სოლიდური გამარჯვება ბათუმში
გუშინ, „სამგურალი“ – „ტორპედოს“ (0:1) მატჩით დაწყებული Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XV ტური დღეს დარჩენილი ოთხი შეხვედრით დასრულდა და რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა.
„დილას“ წლევანდელი კარგი და გამართული თამაშიდან გამომდინარე, გორელების გამარჯვება მოულოდნელი არასოდეს არის, თუმცა ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ რიკარდო კოშტას მომზადებული გუნდი ბათუმში ადგილობრივ „დინამოს“ დიდი სხვაობით, 3:0-ს დაამარცხებდა. სტუმრებს დაწინაურება ჯერ კიდევ 36-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა 11-მეტრიანი ააცილა. თუმცა, გორელები შესვენებამდე მაინც დაწინაურდნენ და ისინი პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე წინ ჟან-მარკ ტიბუემ გაიყვანა. შესვენების შემდეგ „დილამ“ კიდევ ორი ბურთი გაიტანა - ჯერ 67-ე წუთზე შოთა შეყილაძემ კარგი სოლორეიდის შემდეგ მიმდინარე გათამაშებაში მეექვსედ გამოიჩინა თავი, ხოლო 77-ე წუთზე აბუბაქარ კონტეს ძლიერ დარტყმას ლუკა ხარატიშვილმა ვერაფერი მოუხერხა.
„იბერიას“ 4-მატჩიანი მოგებათა სერია ფოთში შეწყდა და „კოლხეთთან“ გამართული მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. მე-20 წუთზე მოქმედი ჩემპიონი კაპიტანმა გიზო მამაგეიშვილმა დააწინაურა. ზუსტად 17 წუთში სტუმრებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა იური ტაბატაძემ თავისივე მოპოვებული პენალტი ძალიან ცუდად დაარტყა და 11-მეტრიანი ზედიზედ მეორე ტურში გააფუჭა. ამის შემდეგ ფოთელები გიორგი აბუაშვილისა და ლადო ჩიხრაძის ერთმანეთზე ლამაზი ბურთებით წინ გავიდნენ, თუმცა უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და წონასწორობა 64-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ აღადგინა, რომელიც ცვლილებაზე ცხრა წუთის გამოსული იყო.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ „გაგრა“ – „დინამოს“ (1:1) შეხვედრაში მაყურებელმა ორი გოლი და ორი წითელი ბარათი იხილა. ანგარიში მე-14 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გახსნა, რომელმაც ჯერ მცველს წაართვა ბურთი, შემდეგ კი დასწრებაზე კარგად ითამაშა. თუმცა, „დინამომ“ მომდევნო შეტევაში წონასწორობა აღადგინა და საჯარიმოში შექმნილი არეულობით მათე ვაწაძემ ისარგებლა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. პირველი ტაიმის ბოლოს უხეშობისთვის არბიტრმა ჯაბა კანკავა გააძევა და სტუმრები 78-ე წუთამდე რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ, სანამ წითელი ბარათი „გაგრას“ ფეხბურთელმა დავით გოცირიძემაც არ მიიღო.
დღევანდელი სათამაშო დღის პირველი მატჩი კახური დერბი საგარეჯოს „გარეჯსა“ და „თელავს“ შორის კი ნულოვანი ყაიმით დასრულდა. თხუთმეტი ტურის შემდეგ „იბერია“ სატურნირო ცხრილს 37 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ გორის „დილას“ 8 ქულით უსწრებს. მომდევნო, მე-16 ტურის შეხვედრები 20-21 მაისს გაიმართება.