კიევში არ დაბრუნდება | სად გააგრძელებს კარიერას წიტაიშვილი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი წიტაიშვილს, რომელიც ლა ლიგა 2-ში „გრანადაში“ თამაშობს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემა sport.ua-ს ინფორმაციით, „დინამოს“ 6 ფეხბურთელი, რომლებიც ამჟამად იჯარით სხვა კლუბებში თამაშობენ, უკრაინის დედაქალაქში დაბრუნებაზე უარს ამბობენ და კარიერის სხვაგან გაგრძელება სურთ. საუბარია ჯასტინ ლონვეიქზე, სამბა დიალოზე, ერიკ რამირესზე, ჟერსონ როდრიგეშზე, ვიტინიოსა და გიორგი წიტაიშვილზე.
გამოცემა ასევე წერს, რომ ზემოხსენებული ფეხბურთელების შენარჩუნებით არც კიეველთა სამწვრთნელო შტაბია დაინტერესებული. შესაბამისად, გადაწყვეტილია, რომ წიტაიშვილს ზაფხულში ახალი კლუბი ეყოლება.
ცნობისთვის, წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. 2018 წლიდან მას იჯარით „ვორსკლაში“, „ჩერნომორეცში“, კრაკოვის „ვისლაში“, პოზნანის „ლეხში“ და ბათუმის „დინამოში“ უთამაშია, გასული წლის ზაფხულში კი ერთწლიანი იჯარით „გრანადას“ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ანდალუსიური კლუბის მაისურით წიტაიშვილმა 36 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სოფიის ცსკა იჩენდა.