გიგაშვილის და ჩალათაშვილის წარმატება - მედლები პარაძალოსნობაში
თბილისში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასის მასშტაბური ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ქართველმა გოგონებმა უკვე სამი მედლის მოპოვება შეძლეს. წარმატებას მირანდა გიგაშვილმა და თამარ ჩალათაშვილმა მიაღწიეს, რომლებიც 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
გიგაშვილმა 68 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, თუმცა სამი მისვლის ჯამში 200 კილოგრამის დაფიქსირებით, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ორი მედალი მოუტანა. რაც შეეხება ჩალათაშვილს, მან სამი მისვლის ჯამში 164 კილოგრამის დაძლევით საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს თასში მონაწილეობას 30 ქვეყნის 200-მდე პარაძალოსანი იღებს, რომელთა შორისაც მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები არიან. საქართველოს ნაკრები კი 28-სპორტსმენიანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, საიდანაც 20 ვაჟი და 8 გოგონაა.