პირველი მედალი ასტანას გრანდ სლემზე - დვალაშვილის ბრინჯაო
ზაურ დვალაშვილი ასტანას გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი დავიდ კარაპეტიანი იპონით დაამარცხა. დვალაშვილმა შეჯიბრება კიდევ ერთი რუსი ძიუდოისტის ეგორ სუხოპაროვის ძლევით დაიწყო, რასაც ჩინელ ქსინგლონგ ჩესთან გამარჯვება მოჰყვა, თუმცა შემდეგ ყაზახ აბილაიხან ზუბანაზართან წააგო და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო, საიდანაც საბოლოოდ მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოსთან ახლოს იყო მიხეილ ბახბახაშვილიც (73 კგ), თუმცა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამატებით დროში მასპინძელი ყაზახეთის წარმომადგენელ ისუფ კუანოვთან დამატებით დროში გაფრთხილებებით დამარცხდა. ასტანას გრანდ სლემზე ჩვენი ქვეყნის სახელით ასევე უკვე იასპარეზეს თორნიკე მაზიაშვილმა (60 კგ), გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) და ირაკლი ბეროშვილმა (81 კგ), თუმცა სამივე მედლის გარეშე დარჩა.
ხვალ, შეჯიბრების უკანასკნელ დღეს, საქართველოს სახელით ტატამიზე კიდევ ოთხი სპორტსმენი, სოსო ებილაშვილი (90 კგ), აკაკი ჯაფარიძე (90 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) გავა.