კვარაცხელია საუკეთესო იყო - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება
აზერბაიჯანის ქალაქ ყუბაში კადეტ ძიუდოისტთა ევროპის თასის გათამაშება გაიმართა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა საერთო ჯამში ტურნირი შვიდი მედლით დაასრულეს, საიდანაც ერთი უმაღლესი სინჯის, ორი ვერცხლის, ოთხი კი ბრინჯაოსი იყო.
საუკეთესო შედეგი ქართველებისთვის +70 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაფიქსირდა, სადაც ნონა კვარაცხელია კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა იდგა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად ავიდა. ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ ნინი ძაგანია (-70 კგ) და ილია ზაქუტაშვილი (+90 კგ), ხოლო თამარ გამიაშვილმა (-57 კგ), გიორგი კაპანაძემ (-60 კგ), მაია ღვალაძემ (-70 კგ) და იესო სამსიანმა (-73 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
ქართველმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა გასულ შაბათ-კვირას კიდევ ერთ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე იასპარეზეს და სტამბულში ჩატარებული ევროპის ღია თასი სამი მედლით დაასრულეს - გიორგი ბენდელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო სანდრო ახლოური და ლუკა ქარელიშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.