პირველი მედალი დუშანბეს გრანდ სლემზე - კაპანაძე ბრინჯაოს პრიზიორია
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა - 22 წლის კოტე კაპანაძემ, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისთვის ეს ტურნირი კარიერის ბოლომდე დასამახსოვრებელი იქნება, რადგან უფროსებს შორის პრიზიორი პირველად გახდა.
კაპანაძე შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც მასპინძელი ქვეყნის, ტაჯიკეთის წარმომადგენელი მუჰამად იუსუფზოდა დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში უზბეკი სუხრობ ტურსუნოვის ძლევა მოჰყვა. ფინალის საგზურისთვის შეხვედრაში კოტეს ტაჯიკმა სომონ მაჰმადბეკოვმა აჯობა, რის შემდეგაც ის ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 18 წლის აზერბაიჯანელი სულეიმან შუქუროვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
დღეს, დუშანბეს გრანდ სლემზე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ორი ძიუდოისტი, გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) გამოდიოდა, თუმცა ორივე მათგანი მედლის გარეშე დარჩა. ტურნირი ხვალ დასრულდება და საქართველოს სახელით ტატამიზე კიდევ სამი სპორტსმენი, ნიკოლოზ დავლაძე (90 კგ), შალვა გურეშიძე (100 კგ) და გაბო მუკბანიანი (100 კგ) იასპარეზებს.