თბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა VAR სემინარი გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა VAR სემინარი გაიმართა.
სემინარის ფარგლებში ქართველ მსაჯებს საკუთარი გამოცდილება ყოფილმა მსაჯმა და ამჟამად ფიფას VAR-ის პროექტის ლიდერმა, მასიმილიანო ირატიმ გაუზიარა. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სფფ-ის სამსაჯო განყოფილების წარმომადგენლები.
სემინარი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. VAR-ის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, დღის ერთ-ერთი მთავარი თემა VAR-ის გადაწყვეტილებების საჯარო გამოცხადება იყო, რაც ფიფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე ბოლო პერიოდში დაინერგა და მსოფლიოს მასშტაბით ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებშიც გამოიყენება.
უმაღლესი კატეგორიის 34 მსაჯთან ერთად, სემინარს ფიფას 5 ქართველი ქალი არბიტრი ესწრებოდა. ასევე, ეროვნული ლიგის მატჩებზე მომუშავე VAR ოპერატორები.
მასიმილიანო ირატი (ფიფას VAR-ის პროექტის ლიდერი): "მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის. ეს სემინარი ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაზიარებლად. სემინარის თემაა VAR და ჩვენ გვსურს ქართველ მსაჯებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება წამყვანი ტურნირებიდან. ამგვარად, ჩვენ უზრუნველვყოფთ თანმიმდევრულობას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ერთი და იგივე პოზიციას ვიზიარებდეთ. მადლობელი ვართ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სურს ფიფა-სთან ინფორმაციის გაზიარება და VAR-ის გამოყენებაში თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა.
ქართველი მსაჯები სწორ გზაზე დგანან. ამას უზრუნველყოფს მათი სამსაჯო კომიტეტი ჯუნეტ ჩაქირის ხელმძღვანელობით. ის წარსულში თვითონ ელიტური დონის მსაჯი იყო და უმაღლეს დონეზე მუშაობს კომუნიკაციის და მითითებების კუთხით. ქართველი მსაჯები ხელმძღვანელობენ ფიფა-ს და უეფა-ს უმაღლესი სტანდარტებით. მათ ვესაუბრე და ჩემთვის ცხადია, რომ ისინი მკაფიო ტექნიკური კონცეფციით მუშაობენ და მზად არიან უმაღლეს დონეზე სამსაჯოდ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
გოგა კიკაჩეიშვილი (მსაჯი): "სემინარს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუქტორი და VAR მსაჯი, მასიმილიანო ირატი ატარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სემინარის ერთ-ერთი მთავარი თემა VAR-ის გადაწყვეტილების საჯარო გამოცხადებაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის ფიფას მიერ დანერგილ თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი აუწყოს".
ელენე ელოშვილი (მსაჯი): "საქართველოში პირველად ტარდება მსგავსი შინაარსის სემინარი და ეს დიდი გამოცდილებაა თითოეული მსაჯისთვის. პირველი ნაბიჯები იქნება ჩვენთვის და მაქსიმუმს გავაკეთებთ კარგი შედეგების მისაღწევად. ვფიქრობ, VAR-ის გადაწყვეტილების საჯარო გამოცხადება გულშემატკივრისთვის უფრო გასაგებს გახდის, თუ რა ხდება მოედანზე".
წყარო:GFF