დინამო თბილისი, საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

„ბევრი მსურველი ეყოლება“ | ESPN-ი ჩელსის ხარებაშვილის შეძენას ურჩევს

საერთაშორისო სპორტული ტელეარხის, ESPN-ის ვებგვერდი „ჩელსის“ სატრანსფერო პოლიტიკას მიმოიხილავს და „არისტოკრატებს“ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის, მათ შორის 16 წლის საბა ხარებაშვილის შეძენას ურჩევს.

რას წერს გამოცემა „დინამოს“ მცველზე:

„საქართველოში ახალგაზრდა ტალანტებზე ნადირობა შესაძლოა ეგზოტიკურად ჟღერდეს, მაგრამ „ჩელსიმ“ უკვე დაამტკიცა, რომ მზადაა ყველაზე უჩვეულო სატრანსფერო ბაზრებზე სამუშაოდაც.

თბილისის „დინამოს“ ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდის ხანგრძლივი ისტორია აქვს - ამის ბოლო მაგალითებია პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ასევე „ნიუკასლის“ მიერ შეძენილი 17 წლის შემტევი ვახტანგ სალია - ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ახალი თაობის ვარსკვლავების აღმოსაჩენად ლონდონური კლუბი ამ მიმართულებითაც იმუშავებს.

წელიწადზე მეტია, რაც საბა ხარებაშვილი „დინამოს“ პირველი გუნდის წევრია, 15 წლიდან კი ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. მას ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, მაგრამ საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში დაცვის მარცხენა ფლანგზე დაიმკვიდრა ადგილი და გამოირჩევა საქმისადმი სწორი მიდგომით, დაცვაში სტაბილური თამაშით, კარგი პასითა და შეტევითი პოტენციალით, რაც კარგ ჩაწოდებებსა და ინდივიდუალურ გარღვევებში გამოიხატება.

ხარებაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არაა, ამიტომ 2027 წლის იანვრამდე მისი საერთაშორისო ტრანსფერი ვერ განხორციელდება, თუმცა მსურველების დეფიციტი ახალგაზრდა მცველს ნამდვილად არ ექნება“.

ცნობისთვის, Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ხარებაშვილმა 11 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოგება უშუალო კონკურენტთან - იბერია დილას 7 ქულით გაექცა
მოგება უშუალო კონკურენტთან - იბერია დილას 7 ქულით გაექცა