„უბრალოდ ფეხბურთი ითამაშე“ - კაფუს რჩევა ვინისიუსს
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მარკუს ევანჯელისტა კაფუ კარიერის დასრულების შემდეგ სპორტული მედიის წარმომადგენლებს აქტუალურ საფეხბურთო თემებზე იშვიათად ელაპარაკება, რადგან ინტერვიუების მიცემა არ უყვარს და ცდილობს მისი სახელი და გვარი პრესის ფურცლებზე იშვიათად გამოჩნდეს. ამჯერად კი, ვეტერან მოთამაშეს, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზე იყო მიწვეული, სხვა გზა აღარ დაუტოვეს და ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას, ლამის ყველა აქტუალურ საფეხბურთო თემას შეეხო.
რას ამბობს კაფუ
ვინ არის ამჟამად ბრაზილიის ნაკრების ლიდერი? რაფინია, რომელიც არამხოლოდ ამ ეპითეტს, არამედ ჩემი აზრით, ამ ეტაპზე „ოქროს ბურთს“ ყველაზე მეტად იმსახურებს. რაც შეეხება ვინისიუსს, მას ერთ რჩევას მივცემდი - გარშემო მყოფი ადამიანების გამონათქვამებისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად, უბრალოდ ფეხბურთი ითამაშოს და საკუთარი საქმე აკეთოს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 48 შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორმა თავი 20 გოლითა და 14 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება რაფინიას, „ბარსელონას“ ბრაზილიელის ანგარიშზე ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 51 მატჩში 30 გოლი და 25 ასისტია.