17 წლის ფეხბურთელის 37 საგოლე მოქმედება - იამალის რეკორდები
„ბარსელონა„ - „ინტერის“ (3:3) საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩის შემდეგ, როგორც გულშემატკივრები, ასევე ამ მატჩის მონაწილენი მასპინძლების 17 წლის ვუნდერკინდის, ლამინ იამალის საოცარი პერფომანსის შესახებ საუბრობდნენ. „ბლაუგრანას“ მე-19 ნომერმა საიუბილეო, მე-100 მატჩის ჩატარება ულამაზესი გოლით აღნიშნა და ბუნებრივია რამდენიმე რეკორდიც დაამყარა.
17 წლის და 291 დღის იამალი გახდა „ბარსას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 100 თამაში გამართა და პაბლო გავის (19 წლის, 29 დღის) მიღწევა გააუმჯობესა. ლამინი ასევე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამოიჩინა თავი და ამ მხრივ კილიან მბაპეს (18 წლის, 140 დღის) აჯობა. იამალს მხოლოდ 2025 წელს უკვე 10 ბურთი დაუგროვდა, მთლიანად წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 54 მატჩში კი თავი 16 გოლითა და 21 საგოლე პასით გამოიჩინა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერის“ დამრიგებელმა სიმონე ინძაგიმ აღნიშნა, რომ 10 წელიწადზე მეტია იამალის დონის ფეხბურთელი არ უნახავს და აღიარა, რომ მის გასაჩერებლად სამი მცველის გამოყენება უწევდა, რის გამოც დაცვაში ბევრი სივრცეები რჩებოდათ.