სენტ-ეტიენს შეუძლია 10 მილიონად გაყიდოს | FIFA-ს აგენტი დავითაშვილზე
FIFA-ს აგენტმა ქრისტოფ მონგაიმ ButFootballClub-თან ინტერვიუში ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. მას „სენტ-ეტიენის’’ ფეხბურთელებზე, 20 წლის ლუკას სტასინსა და 24 წლის ზურიკო დავითაშვილზე ჰკითხეს.
„სტასინი და დავითაშვილი მსგავსი პროფილის ფეხბურთელები არ არიან. ზურიკო მასზე 4 წლით უფროსია, უფრო გამოცდილია და ძალიან კარგი სეზონი აქვს, უკვე 14-ჯერ გადამწყვეტი იყო’’.
დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. სავარაუდოდ, 14-ში საგოლე მოქმედებების რაოდენობას გულისხმობდა.
2024 წლის ზაფხულში „სენტ-ეტიენმა’’ ქართველი შემტევი „ბორდოდან’’ 6 მილიონ ევროდ შეიძინა. მონგაის აზრით, ზურიკოს სატრანსფერო თანხა გაიზარდა და შესაძლოა ზაფხულში „სენტ-ეტიენმა’’ სარფიანად გაყიდოს.
„ვფიქრობ, მისი სატრანსფერო თანხა გაიზარდა და დაახლოებით 10 მილიონი ევრო უნდა იყოს, მაგრამ გადამწყვეტი მაინც სატრანსფერო ბაზარი იქნება’’.
„სენტ-ეტიენი'' ლიგა 1-ში 18 გუნდს შორის მე-17 ადგილზეა. თუ ლიგა 2-ში დაქვეითდება, შესაძლოა ამ ფაქტმა დავითაშვილის ტრანსფერს ხელი შეუწყოს, გუნდი დიდ ფინანსურ შემოსავალს მიიღებს და გუნდს ახალი მოთამაშეებით დააკომპლექტებს.
ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ დავითაშვილი ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილურობის გამო ფრანგული მედია აკრიტიკებდა, საბოლოო ჯამში სადებიუტო სეზონში 14 საგოლე მოქმედება ძალიან კარგი შედეგია. ზოგადად, სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ საკუთარ თავზე სამუშაო აქვს, რაც მარტში სომხეთთან შეხვედრაშიც გამოჩნდა, როცა საქართველოს ნაკრები დომინირებდა და ზურიკოს შეტევაში არაფერი გამოუვიდა.
დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან'' კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.