ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს გაგრძელებას არც განვიხილავდი“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-მა ტატო გრიგალაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველმა ჯუდოკამ ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე, ასევე 90 წონით კატეგორიაში გადასვლის პერსპექტივაზე ილაპარაკა.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 90 კგ ძალიან ქართული წონაა. სულ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გვყავს ამ წონაში და მეც მინდა, რომ ჩემი სახელიც დარჩეს 90 კგ-ში და ამ წონით კატეგორიაშიც მივაღწიო წარმატებას“.

„ტოკიოს ოლიმპიადაზე სურვილი და ბრძოლა რა თქმა უნდა ოქროს მედლისთვის იყო, თუმცა იქ ცოტა გადავამეტე ბრძოლასაც, სურვილსაც და ისე მოხდა, რომ ძალიან სწრაფად მინდოდა, ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი და ამ სისწრაფეში დავმარცხდი. არც გულშემატკივარმა, არც არავინ არ იცის, ძალიან ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, იმდენად განვიცდიდი და იმდენად მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა, რომ ოლიმპიადიდან როდესაც ჩამოვედი, რამდენიმე თვე ძიუდოს თავი საერთოდ დავანებე, აღარ მინდოდა. რაც კი ძიუდოს აქსესუარები მქონდა, კიმონოები, სპორტულები და ყველაფერი, რაც შეიძლება ძიუდოს უკავშირდებოდეს, გავაჩუქე. მოვრჩი ძიუდოს. ჩემმა ახლობლებმა იცოდნენ, რომ ძიუდოს აღარ ვაგრძელებდი, არც განვიხილავდი, იმდენად გული დამწყდა. 3 ან 4 თვის შემდეგ, რეიტინგის პირველი ნომერი გავხდი და რაღაც სურვილი გამიჩნდა, რომ ისევ მეჭიდავა. მოუმზადებელი წავედი ზაგრების გრანპრიზე და იქ შევძელი გამარჯვება. შემდეგ წავედი პარიზის გრანდ სლემზე, სადაც ფინალში ვიჭიდავე, სრულიად მოუმზადებელმა და მეთქი, თუ ასეთი მაგარი ვარ, იქნებ შევძლო და ოლიმპიური ჩემპიონიც გავხდე საფრანგეთში. პარიზის ოლიმპიადისთვის მომზადების პერიოდში, მოვიგე მსოფლიოს 3 და ევროპის 3 ჩემპიონატი. ოლიმპიური ფინალი ისევ წავაგე, მაგრამ ძალიან მაგარი იყო. ვფიქრობ, ნახევარი შეხვედრა უკვე მოგებული მქონდა. პარიზისა და ტოკიოს ოლიმპიადების განსხვავება ის იყო, რომ ტოკიოში გულშემატკივარი არ გვყავდა, პარიზში კი ჩემი ბევრი გულშემატკივარი იყო და ერთად ვიბრძოდით, მარტო არ ვიყავი და უფრო მაგრად ვიყავი. როდესაც ნახევარფინალში გავიმარჯვე, იმაზე არ ვფიქრობდი, რომ უკვე მედალი გარანტირებული იყო. ჩემი თავი ფსიქოლოგიურად ისე განვაწყვე, რომ დღეს საერთოდ არ მიჭიდავია და მხოლოდ 1 შეხვედრა მქონდა დარჩენილი, რომელიც აუცილებლად უნდა მომეგო. ნაგასე ერთ-ერთი საუკეთესოა ძიუდოს ისტორიაში - 2 ოლიმპიური ოქრო აქვს, მსოფლიო ჩემპიონია. ჩვენ უკვე მეოთხედ შევხვდით ერთმანეთს ფინალში. ორივე საბრძოლოდ ვიყავით იქ გასული და ორივეს გვინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა, მაგრამ ალბათ მას უფრო გააზრებული და დალაგებული ჰქონდა და ვერ ვაჯობე. წინა 3 შეხვედრაში, ყოველთვის ისეთი დაძაბული და რთული შეხვედრები გვქონდა, რომ ვერ იტყოდი, რომელი უფრო ძლიერია და რომელი მოიგებდა. ოლიმპიურ ფინალში ალბათ ისეთ დროს მოვდუნდი, სადაც არ უნდა მოვდუნებულიყავი და ნაგასე შეცდომებს არ პატიობს“.

ეს სპორტია და ჩემს ოჯახთან ერთად, ეს ცოტა რთული თემა გადავლახე და ახლა უკვე ახალი იმედებით, ახალი მოტივაციით ვარ და ალბათ ყველაფერი კარგად იქნება მომავალში. ჩემს მეგობრებთან და ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე ეს წარმატება. ალბათ ყველასთვის ოცნებაა, ოლიმპიადაზე ჯერ მოხვედრა და შემდეგ მედლის მოპოვება. რომ გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი 81 კილოგრამში პარიზში, აუცილებლად დიდი სურვილი იყო და დიდი გამოწვევა იქნებოდა, რომ გადავიდოდი 90 კილოგრამში. აღარც წონის კლება მომიწევდა, თუმცა ერთადერთი - ოლიმპიური ოქრო მაჩერებს და ჯერ ისევ ვრჩები 81 კილოგრამში.

„90 კგ-ს რაც შეეხება, მომწონს, ჩემთვის რაღაც მხრივ მარტივია. ვფიქრობ, პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ძალიან შევიცვალე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი გაკვეთილი იყო ტოკიოს შემდეგ და ვფიქრობ, რა შეცდომაც იყო პარიზში და მოსამზადებელ პერიოდში, რა შეცდომებიცაა, ეს ყველაფერი მაგალითი იქნება შემდეგ 4-წლიან ციკლში. რა თქმა უნდა, იგივე შეცდომების დაშვებას არ ვაპირებ. თავს უფრო მშვიდად, ძლიერად და გამოცდილად ვგრძნობ ტატამიზე. ვფიქრობ, რომ უფრო მაგარი და ძლიერი ვარ და ვიქნები - ამისთვის ბევრ რამეს გავაკეთებ“.

შეგახსენებთ, რომ გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ტატომ მოლდოველ, ავსტრიელ და ტაჯიკ მეტოქეებს სძლია, ნახევარფინალში სამხრეთკორეელი ლი იონ ხვანი დაამარცხა, ფინალურ ბრძოლაში კი იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

ხვალ კი, ტატო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელსაც მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა მასპინძლობს. ქართველი ჯუდოკა მეორე წრიდან ჩაერთვება. ის პოლონელ პაველ დრზიმალსა და უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მეტოქე დაამარცხა - გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!
რუსი მეტოქე დაამარცხა - გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!