იოკიჩის სუპერმატჩი - სერბის უნიკალური რეკორდი
ბუკმეიკერების პროგნოზით NBA-ს წლევანდელი რეგულარული გათამაშების MVP-ის პრიზის მიღების მთავარ კანდიდატად ჯერჯერობით ისევ „ოკლაჰომას“ ლიდერი შეი გილჯეს-ალექსანდერი რჩება, მაგრამ ნიკოლა იოკიჩმა ასე თუ განაგრძო, შესაძლოა კანადელს აჯობოს და ეს ჯილდო თავის კარიერაში კიდევ ერთხელ მოიპოვოს. „დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „ფინიქსი“ ოვერტაიმში 149:141 დაამარცხა და გამარჯვების მთავარი შემოქმედი ამჯერადაც „ნაგეტსის“ სერბი ვარსკვლავი იყო.
იოკიჩმა შედეგიანი ასპარეზობის გარდა, NBA-ს ერთი უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, რომელიც აქამდე არავის გაუკეთებია და ძნელად წარმოსადგენია ამის გაკეთება უახლოეს მომავალში ვინმემ შეძლოს - მან სამმაგი დუბლი ისე დააგროვა, რომ სამივე კომპონენტში 20 პლუს მაჩვენებელი ჰქონდა. იოკიჩმა 44 წუთში 31 ქულა, 21 მოხსნა და 22 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და გარდა ამისა, მეტოქე გუნდის კალათბურთელების გადაცემები 3-ჯერ ჩაჭრა. „დენვერის“ სერბმა ლიდერმა შვიდიდან სამი სამქულიანი, თხუთმეტიდან ათი ორქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა.
დასავლეთ კონფერენციაში „დენვერი“ 41 მოგებითა და 22 მარცხით მესამე ადგილზეა და მხოლოდ „ოკლაჰომასა“ და „ლეიკერსს“ ჩამორჩება. 30 წლის ნიკოლა იოკიჩი კი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 29 ქულას, 13 მოხსნასა და 10 შედეგიან გადაცემას აგროვებს.