ეს კალათბურთელის სიტყვები არ იყო - ლებრონი სკანდალში გაეხვა
ლებრონ ჯეიმსი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. „ლეიკერსისა“ და მთლიანად NBA-ს 40 წლის ლეგენდა ESPN-ის წამყვან სტივენ ეი სმიტს დაუპირისპირდა, რაზეც ამ უკანასკნელმა საჯაროდ ისაუბრა. კონფლიქტის მიზეზი ჯეიმსის შვილის ბრონის გაკრიტიკება გახდა, რომელმაც წლევანდელი სეზონი „ლეიკერსის“ მთავარ გუნდში დაიწყო, თუმცა მალევე განვითარების ლიგაში გადაიყვანეს. განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ყველაფერი მოვყვე? ჩემთან მოვიდა ლებრონი და რა მითხრა, ამას სატელევიზიო ეთერის საშუალებით ვერ განვაცხადებ. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მასზე მაინც არ ვბრაზდები, რადგან ეს სიტყვები არა კალათბურთელს, არამედ გაბრაზებულ მამას ეკუთვნოდა. თანაც, კარგად ვიცი, რომ სამაგალითო მეოჯახეა და ალბათ არ მოეწონა, რაც ბრონის შესახებ ვთქვი.
თუმცა, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს - მის აგენტს აქვს ჩემი ტელეფონის ნომერი, შეეძლო დაერეკა, მივიდოდი ნებისმიერ ადგილას და ამ საკითხს განვიხილავდით. თუმცა, ლებრონმა საჯაროდ გადაწყვიტა ჩემთვის პრეტენზიების წაყენება, რაც მაინცდამაინც არ მომეწონა“.
ცნობისათვის, ორიოდე დღის წინ, სტივენ ეი სმიტმა ESPN-თან სარეკორდო 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ჯამში 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანი გახდა.