პირველი ნაბიჯები საქართველოში გადადგა - კლივლენდის მთავარი მწვრთნელის ისტორია
„ფორსმაჟორში მუშაობა და დაკისრებული ვალდებულებების ნებისმიერ პირობებში შესრულება თუ სადმე ვისწავლე, ეს უპირველეს ყოვლისა საქართველოში მუშაობის პერიოდზე ითქმის. ეს იყო იმდენად საინტერესო გამოცდილება, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე სხვადასხვა ასპექტებში უდიდეს სამსახურს გიწევს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება“ - ეს სიტყვები არც მეტი არც ნაკლები NBA-ს წლევანდელი სეზონის მთავარი სენსაციისა და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „კლივლენდის“ მთავარ მწვრთნელს კენი ატკინსონს ეკუთვნის, რომელიც „კავალიერსის“ წარმატებების მთავარი სულისჩამდგმელია.
დიახ, შეიძლება ბევრს აღარც ახსოვდეს, მაგრამ ფაქტია - 2005-2008 წლებში ატკინსონი ჩვენი ქვეყნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ჯერ გორდონ ჰერბერტის, შემდეგ კი კენ შილდსის ასისტენტად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ რაც დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ და B დივიზიონიდან A-ში ვერ გადავედით, შილდსმა პოსტი დატოვა და მასთან ერთად ატკინსონიც წავიდა.
როგორი იყო მისი საკალათბურთო კარიერა თბილისში ჩამოსვლამდე და როგორ განვითარდა საქართველოდან წასვლის შემდეგ, ამის თაობაზე გულშემატკივარს უდავოდ დააინტერესებს. სხვათა შორის, „კავალიერსის“ ამჟამინდელი მესაჭე მართლაც საინტერესო პერსონაჟია, რომლის შესახებაც აბსოლუტურად ყველაზე მოთამაშე, ვისაც მასთან მცირე შეხებაც კი ჰქონია, დადებით კონტექსტში საუბრობს.
ფაქტია, ლუკა დონჩიჩის მოულოდნელი ტრეიდი რომ არა, NBA-ს წლევანდელი სეზონის მთავარ სენსაციად უდავოდ „კლივლენდის“ საოცარი ასპარეზობა ჩაითვლებოდა, რაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა. „კავალიერსი„ წინასასეზონო პერიოდში კენი ატკინსონმა ჩაიბარა, რომელმაც უბრალოდ ფანტასტიური კლუბი ჩამოაყალიბა. თუმცა, თუ მის ბიოგრაფიას თვალს გადავავლებთ, მაშინ კლივლენდელების ფენომენალურ გამოსვლას სენსაციად კი არა, კანონზომიერებად აღვიქვამთ.
საკუთარი თავის შესახებ ატკინსონი ასეთ ამბებს ჰყვება: „მე ნიუ-იორკში მცხოვრები დიდი ოჯახიდან გახლავართ, სადაც შვიდი ძმა ვიზრდებოდით. იცით, პირველ რიგში დედამ რა გვასწავლა? არ შეიძლება საკუთარი მოსაზრების სხვების აზრზე წინ დაყენება, თუნდაც იმ შემთხვევაში, ცამდე მართალი რომც იყო. უნდა გაგაჩნდეს მოსმენის ნიჭი და ნებისმიერი ურთულესი სიტუაციიდან კომპრომისის გამოძებნის უნარი. გამომდინარე იქიდან, რომ მშობლის დარიგებებს ვითვალისწინებდით, მეგობრული ოჯახი გვქონდა და ძმებს ერთმანეთთან არასოდეს გვიჩხუბია. კომპრომისი - ეს არ არის სისუსტის გამოვლინება, ეს არის გამოსავალი, რომელმაც შესაძლოა მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რაზეც ვერასოდეს იოცნებებდი“ - აცხადებს კენი.
დედის რჩევა-დარიგებები მთელი თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე გამოადგა. რიჩმონდის უნივერსიტეტის გუნდში თამაშისას, მან შესაძლოა თავიდანვე იცოდა, რომ NBA-ში ვერ მოხვდებოდა, თუმცა ალბათ ნამდვილად არ ელოდა, რომ ითამაშებდა 17 კლუბში, რომლებიც იყვნენ ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები. კალათბურთელის 14-წლიანმა კარიერამ მას ასწავლა ორი რამ - გამოენახა ყველასთან საერთო ენა და გამოეყენებინა ღმერთისგან ბოძებული ნებისმიერი შანსი.
სწორედ მშობლის მიერ ნასწავლი პრინციპებით ხელმძღვანელობდა, როდესაც „პარიზ ბასკეტ რასინგში“ მოხალისედ სამუშაოდ წავიდა. ამ გუნდმა 2019 წელს სახელი შეიცვალა და „მეტროპოლიტან 92“ დაირქვა, სადაც კარიერა „სან ანტონიოს“ ფრანგმა ვარსკვლავმა ვიქტორ ვემბანიამამ დაიწყო: „პარიზში ანაზღაურებადი სამუშაო არ იყო, რის გამოც მოხალისედ წასვლა მომიწია. სამსახურის პოვნა მხოლოდ იმიტომ მოვახერხე, რომ ფრანგულ ენას კარგად ვფლობდი და გუნდის კანადელი მთავარი მწვრთნელიც აქცენტით ლაპარაკობდა, რაც ჩემთვის სრულიად გასაგები გახლდათ. თუმცა, მოხდა ნამდვილი კატასტროფა და ჩემი პირველი სერიოზული დავალება ჩავაგდე. მოთამაშეებისთვის მეტოქის მატჩების ვიდეო-კრებული უნდა მომემზადებინა და მაშინ მასალა VHS-ის ფირებზე იყო ჩაწერილი, რის გამოც ვარჯიშზე 25 ფირით მისვლა მომიწია. შეიკრიბნენ კალათბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ იყო ჩაწერილი, რადგან დაკოპირების დროს მარჯვენა ღილაკზე ხელის დაჭერა დამავიწყდა. მაშინ ძალიან შემრცხვა და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება, რათა ასეთი უხერხულობა და სირცხვილი აღარასოდეს მეგრძნო“ - იხსენებს ატკინსონი.
„კლივლენდის“ ამჟამინდელ დამრიგებელს საფრანგეთში მაშინ კონკრეტული ფუნქცია არ გააჩნდა - ამონტაჟებდა ვიდეოებს, ეხმარებოდა კლუბის პერსონალს ლოჯისტიკურ საქმიანობაში და თარჯიმნობასაც ითავსებდა. როდესაც მოთამაშეებმა დაინახეს, რომ კენი ყველა საქმეს კარგად ფლობდა და შავ სამუშაოსაც ასრულებდა, მის მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობით აღიჭურვნენ. არ იყო მწვრთნელი და ბუნებრივია დარიგებებს არავის აძლევდა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც კალათბურთელებთან ერთად მატჩების ვიდეოებს უყურებდა, აანალიზებდა, რასაც ისინი მეგობრულ რჩევად იღებდნენ და არა თამაშის გეგმად. თუმცა როდესაც ამ ყველაფერმა სათანადო შედეგი მოიტანა, ატკინსონთან კალათბურთელებმა რჩევა-დარიგებების საკითხავად მისვლა დაიწყეს. ამ ყველაფრის შემდეგ კი, მას მოხალისე კალათბურთის მწვრთნელად მოიხსენიებდნენ, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, როგორ უნდოდა შეგირდებთან მუშაობა. სწორედ ეს გახდა მისი დიდი სამწვრთნელო გზის ათვლის წერტილი, თუმცა სანამ NBA-ში მოხვდებოდა, გარკვეული საფეხურების გავლა მოუწია.
ეს საფეხურები უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა ნაკრებ გუნდებში მუშაობა იყო და მისი პირველი გაჩერება საქართველო გახლდათ, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. თბილისიდან წასვლის შემდეგ უკრაინაში გადაინაცვლა, სადაც მაიკ ფრატელოს ასისტენტად მუშაობდა და ეს უკანასკნელი კენის ასე ახასიათებდა: „როდესაც უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს, ჩემს განკარგულებაში იყო რამდენიმე გამოცდილი კალათბურთელი და არანაირი საბაზისო საწყისები არ გამაჩნდა. მჭირდებოდა სპეციალისტი, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებასა და მათ სწორ გზაზე დაყენებას შეძლებდა. მაშინ ატკინსონს ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს და იყო ისეთი ტიპის სპეციალისტი, რომელსაც წუწუნზე უფრო მეტად საქმის კეთება უყვარდა. იცით, ნამდვილი მწვრთნელი რომელია? ის, ვინც გეტყვის რომ ამ მოთამაშისგან მაღალი დონის კალათბურთელს ჩამოგიყალიბებს და არა ის, რომელიც ამბობს, რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა“.
მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობის პირველი გამოცდილება დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებში მიიღო, რომელსაც 8 შეხვედრაში უხელმძღვანელა, თუმცა გუნდმა მხოლოდ 2 მოიგო, 6-ში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩა. ბუნებრივია წარუმატებლობას თავისი ახსნაც ჰქონდა და ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ, რომ ატკინსონი ელ ჰორფორდსა და კარლ-ენტონი თაუნსს ვერ იყენებდა.
ამის შემდეგ კი დაიწყო მისი მოღვაწეობა NBA-ში და პირველი ნაბიჯები „ნიუ-იორკ ნიქსში“ გადადგა, რომლის მაშინდელი მთავარი მწვრთნელის მაიკ დ’ანტონის თქმით, ატკინსონის ვარჯიშები კალათბურთელებისთვის იმდენად მიმზიდველი და საინტერესო გახლდათ, რომ ლანჩის მოსვლის დროს ვერ იგებდნენ და სამზარეულოში შესასვლელად ყველას შეხსენება სჭირდებოდა. „ნიქსში“ მუშაობას მოჰყვა „ატლანტაში“ გადაბარგება, სადაც სამწლიანი მუშაობის შემდეგ, მასთან მოლაპარაკებები „ფილადელფიას“ ხელმძღვანელებმა წამოიწყეს, თუმცა საბოლოოდ „სიქსერსმა“ მთავარ მწვრთნელად ატკინსონის ნაცვლად ბრეტ ბრაუნი დანიშნა, რასაც ალბათ დღემდე ნანობენ, რადგან დაწუნებულმა კენიმ კიდევ უფრო მოინდომა და მისი აქტიური დახმარების წყალობით, მაიკლ ბუნდეჰოლცერმა შეძლო და „ჰოუქსს“ რეგულარულ სეზონში დღემდე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენებინა (60 მოგება, 22 წაგება).
რა შეიძლება ითქვას „ბრუკლინსა“ და „კლიპერსში“ გატარებულ დროზე? უფრო მეტად გულდასაწყვეტი მისი ასისტენტის კარიერის „ნეტსში“ ნაადრევად დასრულება იყო, რადგან არა იმდენად სპორტული მიზეზების, არამედ უფრო იმის გამო მოხდა, რომ კაირი ირვინგსა და კევინ დურანტისა მის ნაცვლად სტივ ნეშის დანიშვნა სურდათ.
როგორ არ დააფასეს და რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო კლუბის შედეგებზე, ეს ყველაზე კარგად კენიმ „გოლდენ სტეიტში“ მუშაობისას დაამტკიცა, რომლის გაჩემპიონებაშიც სტივ კერის აქტიურად დაეხმარა. 2021-2022 წლების სეზონი ბევრი რამის დამტკიცებისთვის იყო იდეალური - მაშინ, როდესაც ირვინგის, დურანტისა და ჰარდენის „მილუოკიმ“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფის პირველივე ეტაპზე დაასრულა, ატკინსონმა თავისი გამჭრიახი გონების ხარჯზე „უორიორსში“ რამდენიმე უნიჭიერესი ახალგაზრდის ინტეგრირება შეძლო, რომელთაც კლუბი ჩემპიონობამდე მიიყვანეს.
კენი ატკინსონი ამჯერად უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება - მართალია სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის დარჩენილი, მაგრამ მისი მომზადებული „კლივლენდი“ იმდენად ფენომენალურ კალათბურთს აჩვენებს, რომ 9-წლიანი პაუზის შემდეგ, „კავალიერსის“ ისტორიაში რიგით მეორე ჩემპიონობა ნამდვილად არავის გაუკვირდება.