UFC 2025 - გეგმები, ინტრიგები და მოსალოდნელი ბრძოლები
რაც უფრო მეტი დრო გადის, შერეული ორთაბრძოლები და მისი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია Ultimate Fighting Championship-ი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბუნებრივია, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის ფენომენალური გამოსვლიდან გამომდინარე, იმატებს ქართველი გულშემატკივრების ინტერესიც. სწორედ ამიტომ, უინტერესო არავისთვის იქნება, თუ თვალს გადავავლებთ იმ სავარაუდო მოვლენებს, რომელთა გამართვაც UFC-ის ფარგლებში 2025 წელს იგეგმება.
Bellator-ის მებრძოლების ინტეგრაცია
დიდი ხნის განმავლობაში Bellator-ის ისეთი ელიტური მებრძოლები, როგორებიც ვადიმ ნემკოვი, პატრისიუ ფრეირე, ჯონი ებლინი და რაიან ბეიდერი არიან, სკოტ კოკერისა და პრომოუშენის ერთგულებად რჩებოდნენ. თუმცა, ახლა, როდესაც ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, მოქმედ ხელმძღვანელობასთან არსებული შეთანხმება უმოქმედოა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში Bellator-ის ბევრმა მებრძოლმა უკმაყოფილება ღიად გამოთქვა PFL-ის მიმართ, მათი უმრავლესობის UFC-ში მასიური გადინებაა მოსალოდნელი. რთულად წარმოსადგენია, დენა უაითმა ახალი სისხლის მიღებაზე უარი თქვას, მითუმეტეს რომ იგივე ნემკოვი და ფრეირე თავიანთ წონაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.
მახაჩევის მეტოქე
UFC 311-ზე სატიტულო ორთაბრძოლის მოგებით ისლამ მახაჩევმა მსუბუქ წონით დივიზიონში ჩემპიონის ქამარი სარეკორდოდ, მეოთხედ დაიცვა და აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ზედიზედ მე-15 დაპირისპირება მოიგო. ამ მხრივ მასზე წინ მხოლოდ ორი მებრძოლი, ანდერსონ სილვა (16) და ჯონ ჯონსი (20) არიან. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ისლამს კიდევ ერთ დივიზიონში სურს გამარჯვება, თუმცა სანამ ქამარს ბელალ მუჰამადი ფლობს, ქვესაშუალო წონაში მისი ასვლა თითქმის გამორიცხულია, რადგან ისინი მეგობრები არიან და ერთად ვარჯიშობენ. აი, იმ შემთხვევაში, თუ ბელალს შავკატ რახმონოვი მოუგებს, მაშინ ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაზე მახაჩევი უარს არ იტყვის. რეალურად, როდესაც ამა თუ იმ წონის ჩემპიონი ერთი დივიზიონით მაღლა ინაცვლებს, არაფერს კარგავს, მაგრამ მახაჩევის შემთხვევაში სასწორზე ზედიზედ მეთექვსმეტე გამარჯვება და სილვას რეკორდის გამეორება დევს.
პერეირა მძიმე წონაში
„ალექს პერეირა მძიმე წონაში გადაინაცვლებს და კიდევ ერთი ქამრისთვის იბრძოლებს“ - ბოლო პერიოდში ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ, თუმცა იქამდე მარტში ბრაზილიელს საჩემპიონო ტიტულის დაცვისთვის დაღესტნელ მაგომედ ანკალაევთან ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუწევს. რაც შეეხება წონის ცვლილებას, რომც მოინდომოს, პერეირას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საშუალო წონის მებრძოლი გახლდათ, წესით ტომ ასპინალის, ჯონ ჯონსისა და კერტის ბლეიდსის გაბარიტების მეტოქეებთან საკმაოდ უნდა გაუჭირდეს. თუმცა, ისიც ადვილი წარმოსადგენია, ცდუნებას ვერ გაუძლოს, რადგან სპორტული წარმატების გარდა, გამარჯვების შემთხვევაში სოლიდურ ჰონორარს მიიღებს.
ასპინალი VS ჯონსი
დენა უაითის ბოლოდროინდელი მინიშნებები იმის დასტურად უნდა ჩაითვალოს, რომ უახლოეს მომავალში ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის ორთაბრძოლა ჩაინიშნება, თუმცა როდესაც საქმე ჯონსისნაირ არაპროგნოზირებად ადამიანთან გაქვს, გადაჭრით არაფრის თქმა არ ღირს. ამ უკანასკნელმა ბოლო ოთხ წელიწადში მხოლოდ ორჯერ იჩხუბა, სტიპე მიოჩიჩს კი 2023 წლის მარტში რომ უნდა დაპირისპირებოდა, მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში მოინდომა მის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლა. წინასწარი ინფორმაციით, ეს ძალიან მაგარი ორთაბრძოლა ალბათ ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში შედგება. ყოველ შემთხვევაში პრომოუშენს, გულშემატკივარს და ასპინალს ამის დიდი სურვილი აქვს და დარჩა მხოლოდ ერთი - ორგანიზაციამ რამენაირად ჯონსი უნდა დააინტერესოს და მოტივაცია გაუჩინოს.
თოფურიას ფაქტორი
UFC-ის გამართვის ლოკაციების გაფართოებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მსგავსად, შანსი სხვა ქვეყნებსაც მიეცემათ. მითუმეტეს, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამოჩნდა დომინანტი მებრძოლი ილია თოფურიას სახით, რომელიც მადრიდში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან ესპანურენოვანი მებრძოლები, რომელთა შორისაც სტატუსით ალბათ ყველაზე მაღლა დიეგო ლოპესი დგას. მართალია, ესპანეთსა და იტალიაში შერეული ორთაბრძოლების ბევრი მოყვარული არ ცხოვრობს და აბუ-დაბის მსგავსად, ყველა ბილეთი ღონისძიებამდე რამდენიმე თვით ადრე არ გაიყიდება, მაგრამ თუ დენას UFC-ის ბაზრის გაფართოება და მასშტაბურობის გაზრდა სურს, ცოტა ხნით ფულზე უფრო მეტი უპირატესობა, სხვა ფაქტორებს უნდა მიანიჭოს.
მაკგრეგორის დაბრუნება
რაც უფრო მეტი დრო გადის, კონორ მაკგრეგორის ოქტაგონზე დაბრუნება მით უფრო ნაკლებად მოსალოდნელი ხდება. ახლა ირლანდიელი მებრძოლზე უფრო მეტად შოუმენი და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანია. UFC 303-ზე დაგეგმილი მისი და ჩენდლერის ჩხუბი უკანასკნელ მომეტში ჩაიშალა, რის გამოც ძნელად წარმოსადგენია დენა უაითი მისი საქციელით აღფრთოვანებული დარჩენილიყო. 36 წლის კონორს აღარ აქვს აღარც ის სტატუსი და არც ასაკი, რომ ოქტაგონზე ძველებური სპექტაკლი დადგას. მაკგრეგორს თითქმის აღარ ჰყავს ერთგული ფანები, მისი მოძულე ადამიანები კი ოქტაგონზე მის კიდევ ერთ მარცხს სიამოვნებით ელიან.