ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ახალ კონტრაქტთან“ - ნეაპოლური მედია კვარაზე

ნეაპოლური გამოცემა Cronache di Napoli „პარტენოპეის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე წერს და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახალ ცნობებს აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ხვიჩას გარემოცვასა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას მორიგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

„შეხვედრის მთავარი მიზანი იმის გარკვევა იქნება, ნამდვილად სურს თუ არა ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლიში“ დარჩენა. თუ ეს ნამვდილად ასეა, მაშინ მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კონტაქტები ამით შემოიფარგლება და ზაფხულში კლუბი კვარას გაყიდვაზე იფიქრებს.

დიდი ალბათობით, შეხვედრა „ინტერთან“ მატჩამდე ან მატჩის შემდეგ მალევე გაიმართება. ამ დროისთვის კვარას კონტრაქტის გახანგრძლივების შანსები მისი გაყიდვის შანსებზე უფრო დაბალია, თუმცა მორიგი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“.

შეგახსენებთ, რომ კვარას ახალი კონტრაქტის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირა მიმდინარეობს. იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში „ნაპოლი“ ქართველს ხელფასის 1,5 მილიონიდან 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, ხოლო კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი წელიწადში 8-მილიონიან ხელფასს და ფიქსირებული გამოსასყიდის სახით კონტრაქტში 80 მილიონი ევროს დაფიქსირებას ითხოვს.

მოქმედი კონტრაქტი კვარას კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „ნაპოლი“ 10 ნოემბერს, გასვლაზე, უშუალო კონკურენტისა და მოქმედი ჩემპიონის, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. ამ დროისთვის „ნაპოლი“ „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
La Repubblica: კონტე იმედგაცრუებულია და ინტერთან ცვლილებებს გეგმავს
La Repubblica: კონტე იმედგაცრუებულია და ინტერთან ცვლილებებს გეგმავს