ბელინგემის თავისუფლება - ინგლისმა მისი შესაძლებლობების გამოყენების გზა იპოვა
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ენტონი ბერი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა გუნდმა საბოლოოდ იპოვა გზა, რომ ჯუდ ბელინგემის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს. ტაქტიკური ექსპერიმენტების პერიოდის შემდეგ „სამმა ლომმა“, როგორც ჩანს, იპოვა მოქნილი სისტემა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერს საშუალებას აძლევს, მატჩებზე სრული გავლენა მოახდინოს და ამავდროულად, კონკრეტული პოზიციით არ შეიზღუდოს.
ეს ტაქტიკური თავისუფლება სამწვრთნელო შტაბის გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბელინგემის უდიდესი გავლენა დაინახა. მის ყოფილ კლუბში, „ბირმინგემ სიტიში“, ნახევარმცველი ცნობილ 22-ნომრიან მაისურს ატარებდა, რადგან მიიჩნეოდა, რომ ის 4, 8 და 10 ნომრების ნაზავი იყო. ტუხელმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ეს იდეა ლოგიკურ დასკვნამდე მიიყვანეს: თუ ფეხბურთელს ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე შეუძლია მაღალი დონის თამაში, საუკეთესო გამოსავალია, მას ერთდროულად ყველა ამ როლის შესრულების შესაძლებლობა მისცე.
„სისტემა ჯუდს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად ინტუიციით ითამაშოს და ნაკლებად იყოს კონკრეტულ პოზიციაში ჩაკეტილი ან შეზღუდული. მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს და იმ სივრცეებში იმოქმედოს, სადაც თავად ფიქრობს, რომ მეტოქისთვის სახიფათო იქნება. ჯერჯერობით ამან მისგან საუკეთესო გამოავლინა“, — განაცხადა ბერიმ The Mirror-თან საუბრისას.
„ეს გამოწვევაა, რადგან ჯუდს თითოეულ ამ პოზიციაზე თავისუფლად და მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ამიტომ გამოწვევა ის არის, რომ მას ისეთი სივრცე მივცეთ, სადაც ერთ მატჩში ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას შეძლებს. ამ ეტაპზე, მცირე დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ვიპოვეთ გამოსავალი, რომელიც ჯუდის შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. თუმცა, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.“
ბერის თქმით, სამწვრთნელო შტაბს სურს, თავიდან აიცილოს წარსულში დაშვებული შეცდომები და ბელინგემის მსგავსი უნიკალური მრავალფეროვნების მქონე ფეხბურთელი ერთ კონკრეტულ როლში არ მოაქციოს.
„ჩვენ უფრო პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადავედით, რაც მეტ მოქნილობასა და თავისუფლებას გვაძლევს. თუმცა, თავისუფალი თამაში მხოლოდ მაშინ გამოიყურება კარგად, როდესაც მას რეალური პრინციპები ამყარებს. სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის არსებობს საფრთხე, რადგან მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გაქვს და თუ ასეთ თავისუფალ მოდელს აირჩევ, თამაში შეიძლება საკმაოდ ქაოსური გამოვიდეს.“
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემმა ინგლისის ნაკრების ბოლო სამ მატჩში(ესპანეთის, ხორვატიის, ჩეხეთის წინააღმდეგ) ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეალის სუპერვარსკვლავმა ჩეხეთის წინააღმდეგ მხოლოდ 19 წუთი ითამაშა. ტუხელმა მას დასვენების საშუალება მისცა.