კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

“ჟეზუშმა სიტყვა გატეხა“ - რონალდუს ღია წერილი გულშემატკივრებს

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ეროვნული გუნდის შეკრებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი სასჯელის დაწესება „სთხოვა“.

კრიშტიანუ რონალდუმ ეროვნულ გუნდში განვითარებული მოვლენების შემდეგ დუმილი დაარღვია და 8-პუნქტიან განცხადებაში ერთა ლიგის მატჩების, განსაკუთრებით კი ნორვეგიასთან შეხვედრამდე, მატჩის დროს და მის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე საკუთარი ვერსია გაავრცელა.

„ალ ნასრის“ ფეხბურთელმა პორტუგალიელ ხალხსა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა ეროვნული გუნდის შეკრების დატოვების გამო, თუმცა ჟორჟე ჟეზუშის მიერ სიტუაციის მართვა და მისთვის „სიტყვის გატეხვა“ მკაცრად გააკრიტიკა.

ამასთან, რონალდუმ აღნიშნა, რომ მისი „ქმედება პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეაფასოს და დასაჯოს“.

„მესმის, რომ სასჯელს შემამსუბუქებელი გარემოებები არ უნდა ჰქონდეს. უბრალოდ რომელიმე ფეხბურთელი არ ვარ, მე გუნდის კაპიტანი ვარ და ეს დამამძიმებელი გარემოებაა. ბოდიში უკვე მოვიხადე, მაგრამ ვიცი, რომ ქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს. ფეხბურთში ჩართული ნებისმიერი ადამიანი, ჩემ მსგავსად, იცის, რომ ინდივიდუალური სტატუსის მიუხედავად, წესები ყველასთვის ერთნაირია.“

რონალდუს განცხადება სრულად:

„როგორც დაგპირდით, გადავწყვიტე, პირველი პირით და პირდაპირ მომეთხრო ეროვნული ნაკრების ბოლო ეტაპზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიელ ხალხს წერილი მოვუმზადე, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. მასში ის სიტყვებია, რომელთა თქმასაც ჩვენი ნაკრების საბოლოოდ დატოვებისას ვაპირებ.

ტურნირის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისას, ფედერაციის პრეზიდენტმა მთხოვა და დაჟინებით მოითხოვა, გადაწყვეტილება გადამეხედა, რადგან FPF-ს სურდა, ეროვნულ გუნდში დავრჩენილიყავი.

ამის შემდეგ მან ჩემი აზრი მკითხა ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის კანდიდატურაზე, რომელსაც სხვა, ჩემთვის უცნობ კანდიდატებთან ერთად განიხილავდა.

ფედერაციის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, ეს სწორი არჩევანი იქნებოდა.

ამიტომ, როდესაც ამჟამინდელი მწვრთნელი წარადგინეს, მისი არჩევანით გულწრფელად ბედნიერი ვიყავი. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რასაც შედეგებიც ადასტურებს.

რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა პირველად დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან პირადად შეხვედრა სურდა. დავთანხმდი და შეხვედრა ჩემი შვებულების დასრულებისთვის დავგეგმეთ.

შევხვდით ფეხბურთის ქალაქში, სადაც ჩემი კლუბი წინასასეზონო შეკრებას გადიოდა.

მწვრთნელმა მაშინ მითხრა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა და მისი პროექტისთვის ჩემი ყოფნა ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო. მან იქვე წარმადგინა ჩემი მონაწილეობის გეგმა. მითხრა, რომ პირველ და ბოლო მატჩში ვითამაშებდი, ხოლო ფიზიკური დატვირთვის მართვის მიზნით, თითოეულ შეხვედრაში სამ-ოთხ ცვლილებას განახორციელებდა.

ამ დროს შემომთავაზა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ნორვეგიასა და დანიაში არ გავმგზავრებულიყავი. მისი წინადადება იყო, პირველ მატჩში მეთამაშა, შემდეგ პორტუგალიაში დავრჩენილიყავი და გუნდს დრაგაუს სტადიონზე გასამართი შეხვედრის წინ შევერთებოდი.

ამ შეთავაზებაზე მაშინვე უარი ვთქვი. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ამას ვერ დავთანხმდებოდი. უცხოეთში გამართულ მატჩებში არმონაწილეობა არ ნიშნავდა, რომ გუნდის კაპიტნობას აღარ გავაგრძელებდი. პორტუგალიაში დარჩენის ასეთი პრივილეგიით სარგებლობა კარგი მაგალითი არ იქნებოდა. მწვრთნელი საბოლოოდ დაეთანხმა ჩემს მოსაზრებას.

ამ საუბარს ესწრებოდა „ალ ნასრის“ სპორტული დირექტორი სიმაო კოუტინიო — ადამიანი, რომელსაც გასულ სეზონში ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ექვემდებარებოდა და რომელიც 2025 წელს მის კლუბში გადმოყვანის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი იყო.

შეკრების დაწყების წინა დღეს მწვრთნელი ჩემი თხოვნით კვლავ მესტუმრა სახლში, ლისაბონში, სასაუბროდ. საუბარი მშვიდად წარიმართა და აგვისტოში შეთანხმებული ყველა პრინციპი ძალაში დარჩა.

„ალვალადეს“ მატჩში ვითამაშე და, მიუხედავად იმისა, რომ შემცვალეს, პრობლემა არ შემიქმნია. კაპიტნის სამკლავური თავად გადავაბარე ბრუნო ფერნანდეშს და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შესაძლოა, ეროვნული გუნდის ფეხბურთელისა და კაპიტნის რანგში ბოლო ნაბიჯებს ვდგამდი.

იმ დღეს ჩემთვის მთავარი ჩვენი გამარჯვება იყო. მოგება ყოველთვის კარგია, მაგრამ პორტუგალიაში და საკუთარი ქვეყნისთვის გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნოა.

ნორვეგიასთან მატჩის დღეს, სადილის დროს, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იმ მაგიდასთან მოვიდა, სადაც გუნდი სადილობდა და მითხრა, რომ მწვრთნელს ჩემთან საუბარი სურდა.

ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მწვრთნელმა მკითხა, მზად ვიყავი თუ არა, 30 წუთი მეთამაშა. მთლიანად ფიზიკურ აღდგენაზე ვიყავი კონცენტრირებული, როგორც ყოველთვის, თანაგუნდელებთან ერთად ვემზადებოდი და ვფიქრობდი, რომ იმ დღეს არ ვითამაშებდი. პრობლემა საერთოდ არ ყოფილა.

ეს მოთხოვნა ჩემს ფიზიკურ აღდგენასა და სავარჯიშო გეგმას სცდებოდა — რადგან გეგმის მიხედვით, მხოლოდ 4-ში, დრაგაუზე უნდა მეთამაშა — მაგრამ, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მან მიპასუხა, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი, რადგან 30 წუთს ვითამაშებდი. დანარჩენი უკვე ისტორიაა.

ტაიმის შესვენებაზე გავხურდი, წუთებს ვაკვირდებოდი და საბოლოოდ მოედანზე არ შევსულვარ.

მწვრთნელმა სიტყვა გატეხა..

მატჩის დასრულების შემდეგ უბრალოდ მინდოდა, ყველაფერი დამთავრებულიყო და მარტო დავრჩენილიყავი. გულშემატკივრების მოსაკითხად არ მივსულვარ. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.

ბოდიშს ვუხდი პორტუგალიელ ხალხს, რომელიც იქ განსაკუთრებული მხარდაჭერით გვქომაგობდა. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს და მათაც, ვინც პორტუგალიელი არ იყო, მაგრამ ჩემს სანახავად იქ ჩავიდა და შესაძლოა, იმედი გავუცრუე.

48 საათის შემდეგ ჩემს მწვრთნელსა და სიმაო კოუტინიოს შორის საუბარი შედგა, რადგან აგვისტოში ჩვენი საუბრის მიმდინარეობას სწორედ ის ესწრებოდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი იყო — პირდაპირი და ყოველგვარი ფილტრის გარეშე.

შევთანხმდით, რომ ამ „საქმის“ დასრულების ერთადერთი გზა არსებობდა: მწვრთნელს სიმაო კოუტინიოს თანდასწრებით საჯაროდ, პრესის ოთახში, იგივე უნდა გაემეორებინა, რაც მანამდე პირად საუბარში მითხრა.

შეთანხმება მარტივი იყო: მწვრთნელი პრესკონფერენციას ამ თემით დაიწყებდა და სიმართლის თქმით საკითხის დახურვას შეეცდებოდა. იტყოდა, რომ მე არასდროს მომითხოვია რომელიმე წუთის თამაში, რომ შეკრების გეგმა თავად მწვრთნელმა და მხოლოდ მან შემომთავაზა, რომ ჩემი გასახურებლად გაყვანა და შემდეგ მოედანზე არშეყვანა მისი შეცდომა იყო და, მსგავს შემთხვევაში, ამას აღარ გააკეთებდა.

შეხვედრა იმით დავასრულეთ, რომ მწვრთნელი ჩამეხუტა, დამპირდა, რომ პრესკონფერენციაზე იტყოდა იმას, რაც ახლახან მითხრა და რომ საკითხი მოგვარებული იყო.

დანიაში არ ვითამაშებდი, პორტუს მატჩში კი უნდა მეთამაშა. ეს ყველაფერი, როგორც ყოველთვის, სიმაო კოუტინიოს თანდასწრებით.

მწვრთნელის თხოვნით, ამის შემდეგ ვიდეოკონფერენცია გაიმართა მას, სიმაო კოუტინიოსა და ტიაგო კრავეიროს შორის, სადაც ჩვენი საუბრის მთავარი საკითხები შეაჯამეს.

მომზადდა მოკლე დოკუმენტი, რომელიც პირადად დავადასტურე და, ჩემი ცოდნით, ის მწვრთნელს გადაეცა, როგორც თავად ითხოვდა.

პრესკონფერენცია ზუსტად ისე უნდა ჩატარებულიყო, როგორც შევთანხმდით, თუმცა მისი დამოკიდებულება საერთოდ არ ჰგავდა ჩვენს წინა შეხვედრას.

მოვისმინე გამონათქვამები და აგრესია, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელი იყო. ეს იყო დამოკიდებულება — „მე მინდა, მე შემიძლია და მე ვწყვეტ“ — რომელიც წინა დღეს, პირად საუბარში, მისგან ოდნავადაც კი არ მომისმენია.

ჩემ მიერ დადასტურებული ტექსტი ასეთი იყო:

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს სიმართლეა, დანიასთან დაკავშირებით საუბრამდე რამდენიმე საკითხი განვმარტოთ:

  1. მე პირადად შევთავაზე კრიშტიანუს გეგმა ეროვნული ნაკრების მიმდინარე სეზონისთვის, სხვა არავინ ყოფილა ჩართული. ძალიან ხანგრძლივი და კარგი საუბარი გვქონდა.
  2. ვიცი, რამდენად უყვარს მას ეროვნული გუნდი და რამდენად მნიშვნელოვანია ის მისთვის და ზოგადად ფეხბურთის სამყაროსთვის. მით უმეტეს, რამდენად დიდი დადებითი გავლენა აქვს მას ნაკრებზე უკვე ზედიზედ 24 წლის განმავლობაში.
  3. კრიშტიანუმ ჩემ მიერ შეთავაზებული გეგმა მიიღო.
  4. მას არასდროს დაუყენებია ჩემი გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ. ის იყო სამაგალითო, ერთგული და პროფესიონალი.
  5. ნორვეგიის მატჩი მისთვის შედგენილ თავდაპირველ გეგმაში არ შედიოდა. თუმცა, ვიგრძენი, რომ პირველი მატჩის შემდეგ ფიზიკურად აღდგენილი იყო და ვუთხარი, რომ შესაძლოა მისი გამოყენება დამჭირვებოდა. რონალდუ დამთანხმდა.
  6. შევცდი, როდესაც პელეს ან მარადონას დონის ფეხბურთელი გავახურებინე მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ მოედანზე არ შემეყვანა. დღეს ეს რომ ხდებოდეს, ასე აღარ მოვიქცეოდი.
  7. საკითხის დასასრულებლად: მე კრიშტიანუ ეროვნულ გუნდში მინდა. უფრო მეტიც, უბრალოდ კი არ მინდა — ძალიან მინდა. საბედნიეროდ, მასაც სჯერა ჩემი. მას ჩემი სჯეროდა „ალ ნასრში“ და აქაც.
  8. რაც შეეხება გულშემატკივრების არმოკითხვას — ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ადამიანი, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 230-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ჩემგან პორტუგალიის სიყვარულის გაკვეთილებს არ ელოდება. ეს იმედგაცრუების მომენტი იყო და არაფერს ცვლის. ის ფეხბურთელია, რომელიც ყველაზე მეტ ავტოგრაფს არიგებს, ყველაზე მეტ სელფის იღებს და გულშემატკივრების მიმართ ყველაზე მეტ სიყვარულს გამოხატავს. იქ, სადაც პრობლემა არ არსებობს, ნუ შევქმნით პრობლემას. როდესაც უკმაყოფილო ვართ, რეაქცია გვაქვს. სულ ეს არის.“**

ამ ჩანაწერებში, შესაბამისად, არსად ეწერა, რომ მწვრთნელმა  ბოდიში მოიხადა. ეს უკვე მეორედ იყო, როდესაც მან სიტყვა გამიტეხა.

გადავწყვიტე, მეტი დაპირების დარღვევას აღარ დავლოდებოდი და შეკრება დამეტოვებინა. ჩემთვის ადამიანებს შორის ურთიერთობაში სიმართლე ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, სიმართლე უნდა ვიცოდე.

გარდა ამისა, იმ პრესკონფერენციის დილას პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან საუბრისას, რაც, დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ დაადასტუროთ, კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ თუ იქ ჩემი ყოფნა არ სურდათ, უბრალოდ ეთქვათ.

მათ მხოლოდ გულწრფელობა მართებდათ. ამას მივიღებდი და დავპირდი, რომ ერთად მოვამზადებდით ლამაზ გამოსამშვიდობებელ ცერემონიას, როგორც ამას ვოცნებობ და არავინ გაბრაზდებოდა.

ეს ყველაფერი ისე კარგად მახსოვს, თითქოს გუშინ მოხდა. ორივემ ერთხმად მიპასუხა: „არა.“

მითხრეს, რომ ჩემი ადგილი ეროვნულ გუნდში იყო.

ჩემი თითქმის 25-წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს, არცერთ მომენტში, არ ჩავრეულვარ რომელიმე მწვრთნელის ან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ტექნიკურ თუ ტაქტიკურ გადაწყვეტილებაში.

ვიღებ მათ გადაწყვეტილებებს, კარგსაც და ცუდსაც. პატივს ვცემ მათ არჩევანს. მაგრამ როდესაც სიტყვას მიტეხავენ, ვგრძნობ, რომ ჩემი ადგილი იქ აღარ არის.

ბოდიში უნდა მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებსაც შეკრების დატოვების გამო. მიუხედავად მწვრთნელის სიტყვისადმი ნდობის სრულად დაკარგვისა, რასაც ამ საუბრების ყველა მოწმე დაადასტურებს, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზეა.

კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს პორტუგალიელ ხალხს, მაგრამ ჩემთვის სიტყვის გატეხვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიგრძენი, რომ ამის შემდეგ ჩემი გუნდში დარჩენა მხოლოდ სამუშაო პროცესს დააზიანებდა და გავაკეთე ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაკეთებდი, თუ საკუთარ თავს საჭირო ფეხბურთელად აღარ ჩავთვლიდი: ნივთები ჩავალაგე და წავედი.

ჩემი ქმედებების შედეგები პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეაფასოს და დამსაჯოს. მიმაჩნია, რომ სასჯელს შემამსუბუქებელი გარემოებები არ უნდა ჰქონდეს.

უბრალოდ რომელიმე ფეხბურთელი არ ვარ — მე გუნდის კაპიტანი ვარ და ეს დამამძიმებელი გარემოებაა. ბოდიში უკვე მოვიხადე, მაგრამ ვიცი, რომ ქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს.

ფეხბურთში ჩართულმა ნებისმიერმა ადამიანმა, ჩემ მსგავსად, იცის, რომ ინდივიდუალური სტატუსის მიუხედავად, წესები ყველასთვის ერთნაირია.

ამასთან დაკავშირებით ბევრი მსმენია გამოსამშვიდობებელ მატჩებზე, რომ ღირსეული გაცილების მატჩი უნდა მქონდეს და რომ ფედერაციას სურს, ამის შესაძლებლობა მომცეს.

ცხოვრებამ მასწავლა — ხშირად მაშინ, როდესაც მშიერი ვიყავი და საჭმელიც არაფერი მქონდა — რომ არავინ არაფერს არავის ჩუქნის.

შემიძლია ყველა ჩემს გულშემატკივარს, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, პორტუგალიელ გულშემატკივრებს, დავპირდე, რომ ერთ ან რამდენიმე გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩავატარებთ. ამისთვის დრო ჯერ კიდევ იქნება.

მაგრამ როდესაც ეროვნულ გუნდზე ვფიქრობ, პირველ რიგში შეჯიბრებაზე ვფიქრობ. სწორედ ამაზე ვფიქრობდი იმ დღესაც, როდესაც მამაჩემის გარდაცვალების შესახებ შევიტყვე.

ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ვიყავი და გადავწყვიტე, იქ დავრჩენილიყავი, სანამ მეორე დღეს გასამართი მატჩი არ დასრულდებოდა. ქვეყნისთვის გავაკეთე ის, რასაც არცერთი კლუბისთვის არასდროს გავაკეთებდი.

ამიტომ, თუ ფიზიკურად მზად ვიქნები, კლუბში ვითამაშებ და, იმედია, გოლებსაც გავიტან, დაკისრებული დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, ეროვნულ გუნდში კვლავ ხელმისაწვდომი ვიქნები — როგორც აქამდე ყოველთვის ვიყავი — რათა ჩვენს ნაკრებთან ერთად ვითამაშო და გავიმარჯვო.

ეს, დამიჯერეთ, ყველაზე სუფთა სიმართლეა.

კრიშტიანუ რონალდუ

6 ოქტომბერი, 2026 წელი.."

View this post on Instagram

A post shared by Record (@record_portugal)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Golden Boy 2026 - ტუტოსპორტმა 30 ნომინანტი დაასახელა
Golden Boy 2026 - ტუტოსპორტმა 30 ნომინანტი დაასახელა