ვინ იქნება დვალიშვილის მომდევნო მეტოქე - დაბნეულობა უმარის გუნდში
მერაბ დვალიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში დაისვენებს და მიღწეულით სიამოვნებას მიიღებს - 33 წლის ქართველმა 12-წლიანი შრომა ლოგიკური შედეგით დააგვირგვინა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.
თუმცა, მას კონკურენტები მოსვენებას მაინც არ აძლევენ. განსაკუთრებით აქტიურობენ უმარ ნურმაგომედოვის გუნდის წევრები, რომლებიც მერაბთან დაპირისპირებაზე ოცნებობენ და რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ უმარი ქართველს დაამარცხებს.
ნურმაგომედოვის წარმომადგენლები განსაკუთრებით გააღიზიანა დვალიშვილის განცხადებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ უმარი ჯერ მასთან ჩხუბს არ იმსახურებს, რადგან ტოპ 15-ის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ერთი მეტოქე დაამარცხა და ის მიიჩნევს, რომ მისთვის მოტივაციის თვალსაზრისით გაცილებით საინტერესო ბრაზილიელ დეივისონ ფიგერედოსთან დაპირისპირება იქნება.
უმარმა კი აღნიშნა, რომ ძალიან დიდი იმედი აქვს UFC-ის ხელმძღვანელების, რადგან ახლა სწორედ მათზეა დამოკიდებული მისი და მერაბის ბრძოლის ჩანიშვნა, რაც როგორც თავად მიიჩნევს, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, სრულიად სამართლიანი იქნება.