“ომისთვის მზად ვიყავი“ - დვალიშვილის სრული პრესკონფერენცია
UFC-ში, სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილია, რომელმაც სატიტულო შეხვედრაში შონ ომალი გაანადგურა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, მერაბი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
დვალიშვილი:
„პირველი ემოცია გიჟური იყო. საკუთარი თავის კონტროლი არ შემეძლო. როდესაც საჩემპიონო ქამარი გამიკეთეს არ მჯეროდა. ახლა ყველაფერს ნათლად ვიაზრებ და ეს დიდებული შეგრძნებაა. მე აქამდე 3 ჩემპიონი მყავდა დამარცხებული და შონი მეოთხეა.
ეს MMA-ს ბრძოლა იყო და მე ომისთვის მზად ვიყავი. ო’მალის ძალები შევაფასე. ის ჩემკენ არ მოდიოდა, პირიქით მელოდებოდა. შონისთვის იმის გაკეთებას ვცდილობდი, რაც მან ალჯოს გაუკეთა. საბედნიეროდ, ვერაფრით გამაკვირვა. მე პროფესიონალი მებრძოლი ვარ და არასდროს ვაქცევ ყურადღებას, თუ რას მეუბნებიან კუთხეებიდან, მაგრამ ო’მალის გუნდის წევრების წამოძახილები ძალიან ფამილიარული იყო.
ისინი აკეთებდნენ იმას, რაც ალჯოს გაუკეთეს. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დევს. უპატივცემულო სიტყვებს იძახდნენ. დავუძახე, რომ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ არ გაჩერდნენ და ამაზე შენიშვნასაც არავინ აძლევდა. თუ ასე კალათბურთში ან ფეხბურთში მოიქცევი, იმ წამსვე დისკვალიფიკაციას მოგცემენ. სამწუხაროდ, აქ ასე არ ხდება.
შონი არ მძულს. მე ის დავანგრიე და იმიტომ ვაკოცე, რომ მასზე დომინირება უფრო თვალსაჩინო გამეხადა. ეს ცოტა სახალისოც იყო. ბრძოლის დაწყების წინ, დარბაზი ისეთი ლამაზი იყო, რომ გახურებას თავი დავანებე, მაგრამ, როდესაც ჩემი მუსიკა ჩაირთო ყველაფერი დამავიწყდა და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდი. აქ ბრძოლა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და ამის გაკეთება ყველგან შემიძლია.
საქართველოში უამრავი ადამიანი მიჭერს მხარს და ზოგადად ადამიანებს ყველა ქვეყანაში ვუყვარვარ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. მე ქართველი ვარ და საქართველო აბსოლუტურად ყველაფრის ძალას მაძლევს. მე ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ მისთვის მოვკვდე! ბედნიერი ვარ ყველა ქართველის გამო. ჩემი ქვეყანა ახლა ამაყობს და ძალიან მიხარია. ბავშვებისთვის მაგალითი ვარ და ესეც დიდი ბედნიერებაა.
უმარი რუსი არ არის, ის დაღესტნელია, მაგრამ რუსეთს წარმოადგენს. ეს განსხვავდება, რადგან მე დაღესტნელების მიმართ დიდი პატივისცემა გამაჩნია. მინდა, რომ მუდამ ტოპ მებრძოლებს ვუპირისპირდებოდე. როდესაც პირველად შეერთებულ შტატებში ჩამოვედი გამუდმებით ჩხუბი მსურდა, მაგრამ ამისთვის კარგი სავარჯიშო პირობები გჭირდება და თუ ასეთ პირობებში არ ვარჯიშობ ძალიან გაგიჭირდება. ამ შედეგამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი. მომავალზე არ ვფიქრობდი. მხოლოდ შემდეგი ბრძოლა მაინტერესებდა.
შონ ო’მალი ტოპ მებრძოლია, მაგრამ დღეს მე საუკეთესო ვარ. ვალენტინა შევჩენკოს დიდი ხანია თვალს ვადევნებ. მან მკითხა, შეგვეძლო, თუ არა ცეკვა და მეც დავთანხმდი. ამით საკმაოდ ვისიამოვნე, კარგი მომენტი იყო. UFC-ში არაფერს ვნანობ, პირიქით, მადლიერი ვარ, რადგან, როგორი ცხოვრებაც ახლა მაქვს, UFC-ის დამსახურებაა. საქართველო მიყვარხარ, მალე შევხვდებით, ჩვენ ეს შევძელით, გავაკეთეთ და ყველაფერი წინ არის, გენაცვალეთ მადლობა ყველას, აბა დროებით.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს UFC-ში ქამრის ორი მოქმედი მფლობელი ჰყავს, მერაბის მსგავსად მიმდინარე წელს საჩემპიონო შეხვედრა ილია თოფურიამ მოიგო. 33 წლის „მანქანამ'' ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა.