არბიტრის ქმედება გაუგებარი იყო - კინი ევროსეზონით უკმაყოფილოა
„ტორპედოსთვის“ წლევანდელი ევროსეზონი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დასრულდა. ქუთაისელებმა ერთი კვირის წინ კვიპროსში 1:3 წაგების შემდეგ, „ომონიას“ ვერც „შენგელია არენაზე“ ვერ მოუხერხეს ვერაფერი, 1:2 დამარცხდნენ და მათ მეტოქემ ორი მატჩის ჯამში 5:2 აჯობა.
რა თქმა უნდა, წაგება ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ გულშემატკივრებმა განსაკუთრებულად ქუთაისის კლუბის მარცხი განიცადეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ბევრი კვალიფიციური ლეგიონერით გაძლიერდა და შესაბამისად, მოლოდინიც მეტი იყო. სწორედ ამაზე მოუწია პასუხის გაცემა „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს სტივ კინს, რომელმაც გარკვეული წილი პასუხისმგებლობა მარცხში არბიტრებსაც დააკისრა.
რა თქვა კინმა
არასოდეს მიყვარდა მსაჯებზე საუბარი, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ 11-მეტრიანის დანიშვნის ეპიზოდში მომენტის სულ სხვანაირად გადაწყვეტა შეიძლებოდა.
იმედგაცრუებულები ვართ. საწყის 25 წუთში უმაღლეს დონეზე ვიასპარეზეთ, თუმცა როდესაც გოლი გავუშვით, მატჩის სცენარი შეიცვალა და ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ისღა დაგვრჩენია მთელი ყურადღება Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგისკენ გადავიტანოთ, სადაც ჯერჯერობით ძალიან კარგად მივდივართ და მიზნად მხოლოდ ჩემპიონობას ვისახავთ. რაც შეეხება ევროსეზონს, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კმაყოფილების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
2-თვიანი პაუზის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგა ხვალ განახლდება, ქუთაისელები კი მე-19 ტურის შეხვედრას ორშაბათს, 5 აგვისტოს, „შენგელია არენაზე“ „სამტრედიასთან“ გამართავენ.